ვლადიმერ კონსტანტინიდი ლიბიაში ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაჩერებულ ორ ქართველ მეზღვაურს პასუხობს
ვლადიმერ კონსტანტინიდი ლიბიაში ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაჩერებულ ორ ქართველ მეზღვაურს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვლადიმერ კონსტანტინიდი ლიბიის ქალაქ მისრატაში ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაჩერებულ ორ ქართველ მეზღვაურ რაულ ტაკიძესა და მანუჩარ კეკელიძეს პასუხობს. მეზღვაურები ამბობენ, რომ ლიბიაში გარდაცვლილი მეზღვაურის, დავით რაზმაძის საქმეზე საგამოძიებო პროცესის გაჭიანურების გამო ქვეყნის დატოვებას ვერ ახერხებენ.

კონსტანტინიდის ინფორმაციით, ეს საკითხი თავად ლიბიის იურისდიქციაა და საქართველოს ამ პროცესში ჩართვისა და დირექტივების გაცემის უფლება არ აქვს.

„გამოძიებას აქვს თავისი ვადები. იკითხებიან მოწმეები. ჩვენი მეზღვაურები ნორმალურ პირობებში არიან – იმყოფებიან სასტუმროში, იღებენ საკვებსა და სასმელ წყალს. იღებენ ანაზღაურებას. ჩვენი პირველადი ფუნქცია არის ის, რომ მათი უფლებები იყოს დაცული, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არ შეექმნას საფრთხე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მეზღვაურის გარდაცვალებაზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა. დაინტერესებული ვართ, რომ ლიბიურმა მხარემ მაქსიმალურად გამოავლინოს ის გარემოებები, რამაც გამოიწვია ჩვენი მეზღვაურის გარდაცვალება. ადგილზე ჩატარდა ექსპერტიზა, რასაც ხანგრძლივი ვადა დასჭირდა, ჩვენთანაც ჩატარდა განმეორებითი ექსპერტიზა. ველოდებით ახლა შედეგებს. ყველა კითხვას რომ გაეცეს პასუხი, ეს უმთავრესი პრიორიტეტია ჩვენთვისაც და ჩვენი მეზღვაურებისთვისაც, რომლებმაც თავიანთი თანაგუნდელი დაკარგეს“,- აცხადებს კონსტანტინიდი.

რაც შეეხება ლიბიაში არსებულ საომარ მოქმედებებს და შესაძლო საფრთხეს, რის შესახებაც საუბრობენ მეზღვაურები, კონსტანტინიდის თქმით, იმ ქალაქში, სადაც რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე იმყოფებიან, ქვეყნის სხვა რეგიონებთან შედარებით სიმშვიდეა და არ მიმდინარეობს საომარი მოქმედებები.

„ჩვენ საკმაოდ მკაცრ და თანმიმდევრულ მონიტორინგს ვახორციელებთ. გვაქვს ლიბიელ ადვოკატთან და გემთმფლობელთან კავშირი. ჩვენი საზღვაო ადმინსიტრაცია აქტიურად მუშაობს და კონტაქტზეა ყველა მხარესთან, მათ შორის, მეზღვაურების ნათესავებთანაც“,- განმარტავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

ქართველი მეზღვაურები რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე სხვა ქვეყნების 17 მეზღვაურთან ერთად ლიბიის ქალაქ მისრატაში ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით არიან გაჩერებული. როგორც საქართველოს პირველ არხს რაულ ტაკიძემ მიაწოდა ინფორმაცია, მეზღვაურებს აქვს შიში, რომ საომარი მოქმედებები ქვეყნის ამ ნაწილშიც გადმოვა. მათ სურთ, 3-თვიანი გამოძიება დავით რაზმაძის გარდაცვალების შესახებ დროულად დასრულდეს, დაუბრუნონ მათ თავიანთი პასპორტები და ქვეყანაში დაბრუნების უფლება მიეცეთ.
ქართველი მეზღვაურები ამბობენ, რომ დავით რაზმაძის გადმოსვენების პერიოდში მათ ნამდვილად ჰქონდათ კომუნიკაცია სხვადასხვა უწყებასთან, თუმცა მას შემდეგ, ქართული მხარე მათ არ ეხმაურება.

„ადვოკატსა და კომპანიის წარმომადგენლებს რომ ვეკითხებით, ვინმე თუ გვკითხულობს, გვეუბნებიან, რომ არავინ თქვენზე არ რეკავსო. ჩვენ გვინდა, რომ გამოძიება მალე დასრულდეს. ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, იქამდე ვერ გაგიშვებთო, მაგრამ მე რასაც ვუყურებ, ამას პირი არ უჩანს. რაღაც რომ მოხდეს, შეიძლება წლები აქ ვიყოთ?!“,- აცხადებს ტაკიძე.

გამოძიება ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარეობს. იგი მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე (MV Dogan Bey) მუშაობდა, ამავე გემზე მუშაობდნენ რაულ ტაკიძე და მანუჩარ კეკელიძე. გემი ლიბიის ნავსადგურ მისრატაში იმყოფებოდა, როცა ქართველი მეზღვაური გემბანიდან გაუჩინარდა ღამით, მორიგეობის დროს. ფაქტი 7 იანვარს მოხდა. სამძებრო სამუშაოების შედეგად, მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.