ვლადიმერ ბორცვაძე - გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში შესაძლოა, დაკავებულთა წრე გაიზარდოს.
როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის პასუხები, შეიცვალოს გამოძიების კვალიფიკაცია.
„ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შესაძლოა, შეიცვალოს კვალიფიკაცია. ასევ ჩვენ, ყველა მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას. ექსპერტიზის დასკვნას და გარდაცვალების მიზეზს აქვს უდიდესი მნიშვნელობა სისხლის სამართლის ამ საქმეში. შესაბამისად, თუ დამატებით გამოიკვეთება სხვა პირთა ბრალეულობა ამ სისხლის სამართლის საქმეში, ბუნებრივია, ჩვენი რეაგირება იქნება მყისიერი და ყველას ქმედებას მივცემთ შესაბამის სამართლებრივ შეფასებას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შს მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე არასრულწლოვანი ფიგურირებს.
„მას შემდგომ, რაც განხორციელდა 17 პიროვნების დაკავება, ჯერჯერობით მათთან საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები ჩატარებული არ არის. მაგრამ დაკავებამდე უმეტესი მათგანი არის გამოკითხული და ნაწილი ამ ადამიანებისა თანამშრომლობს ჩვენთან. რამდენიმე არასრულწლოვანია“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
შსს-ს ცნობით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.