ვლადიმერ ბორცვაძე - ჩვენებებს შორის გარკვეული შეუსაბამობაა, რაც საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იყოს შესწავლილი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა რეაგირება მოჰყვება გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებების შეცვლას და აღნიშნა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.
„გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობები ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შესწავლილი და შეფასდეს. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით მისცა არასწორი ჩვენება, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. მაგრამ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე. თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.
გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი. მცხეთის საქალაქო სასამართოს გადაწყვეტილებით, 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ამასთან, დღეს შსს-მ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, იაკობ ბრეგვაძის მიერ 112-ში განხორციელებული ზარის ჩანაწერი გაავრცელა.