სააპელაციო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს
სააპელაციო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს

სააპელაციო სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს. სხდომას ხუთივე მსჯავრდებული ესწრება.

პირველი შუამდგომლობა, რომელზეც კოლეგია იმსჯელებს, პროკურორების აცილება იქნება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა იმ დროისთვის ბრალდებულების და უკვე მსჯავრდებულების მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვია. ამ შუამდგომლობას არ ეთანხმება ბრალდების მხარე.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის განხილვისას სიტყვა ითხოვეს მსჯავრდებულებმაც.

„ჩვენ მართლები ვართ და ვიცით, რომ ბოლომდე მართლები ვიქნებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, რათა დავამტკიცოთ, აქ თუ არა, მესამე ინსტანციაში თუ არა, სტრასბურგი მიიღებს ამ საქმეს და იქიდან ისეთ კითხვებს დაგისვამენ, რომ თქვენ ამაზე პასუხს ვერ გასცემთ, რადგან ბევრი რამ დაირღვა, პირადად ჩვენი უფლებები დაირღვა, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანებს მკვლელები გვიწოდეთ, არანაირი მტკიცებულებიდან გამომდინარე, უბრალოდ, ხალხი რომ დაგეკმაყოფილებინათ, თუ არ ვიცი, რის გამო გააკეთეთ, რომ ვიღაცა მკვლელს ითხოვდა, მკვლელებად გამოგვიყვანეთ, ეს არავის შერჩება“, – განაცხადა მსჯავრდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა.

მსჯავრდებულები და მათი უფლებადამცველები პროკურორების აცილებას ითხოვენ. როგორც აღნიშნავენ, კონკრეტულად ერთ-ერთი პროკურორი, დავით ყაზარაშვილი მსჯავრდებულების უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა.

„სულ ასე იქცეოდნენ, უნდოდათ, რომ წყობილებიდან გამოვეყვანეთ. ცხრა თვე ხომ ისარგებლეს რომ არ შეგვეძლო არაფრის თქმა საზოგადოებისთვის და ვერ ველაპარაკებოდით მედიას, ახლა აქ არიან და გვინდა, მაგით ვისარგებლოთ. პროკურორებს არ სიამოვნებთ, რომ ვლაპარაკობთ“, – განაცხადა არჩილ გაგნიძემ.

სააპელაციო სასამართლოს შენობასთან იმყოფებიან ასევე მსჯავრდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, ისინი საქალაქო სასმართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

დატოვე კომენტარი