გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

მათი თქმით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღო და არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა.

„დაგვიანებით ჩავიბარეთ სასამართლოს 9 მარტს გამოტანილი განაჩენი, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არის ყოვლად დაუსაბუთებელი. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრეთ გადაწყვეტილება და ველოდებით. აპელაცია სამართლიანად მიუდგება აღნიშნული საქმის განხილვას და მიიღებს სამართლიან, ობიექტურ გადაწყვეტილებას, რაც იქნება შემდეგი – ეს პირები აუცილებლად გამართლდებიან. სასამართლომ განაჩენი დააფუძნა ვარაუდებზე. მან ყველა პრინციპის იგნორირება მოახდინა და არათუ მტკიცებულებებზე, თავადვე აღნიშნავს დასაბუთებაში, რომ მას არ აქვს შესაბამისი პირდაპირი მტკიცებულებები, თუმცა მოსამართლე ვარაუდობს. ჩვენ მივიღეთ ვარაუდებზე დაფუძნებული განაჩენი, რომელსაც გაუქმების გარდა არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მსჯელობა იყო ასეთი, ვინაიდან სხვა პირები არ გამოიკვეთნენ, მაშინ სხვა ვინ ჩაიდენდა, გამოდის, რომ ვარაუდის საფუძველზე მიიჩნია. ასეთი განაჩენები პრაქტიკაში ძალიან იშვიათია და ყველა ინსტანციაში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი 9 მარტს გამოაცხადა და საქმეზე ბრალდებული ხუთივე პირი დამნაშავედ ცნო.

საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ორ არასრულწლოვანს, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს სასჯელის ზომად თითოეულს 10 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.

დატოვე კომენტარი