ვიოლა ფონ კრამონი - ევროპარლამენტის ანგარიში იყო ძალზედ დაბალანსებული, თუმცა პოლარიზებულ საზოგადოებაში ინტერპრეტაციები ხშირია, ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე
გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინ დამტკიცებული ანგარიში, რომელიც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხებოდა, დაბალანსებული იყო.
ამის შესახებ კრამონმა საქართველოს პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამასთან, ვიოლა ფონ კრამონმა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდა, თავი შეიკავოს დოკუმენტის ინტერპრეტაციისგან.
„ეს ანგარიში იყო ძალზედ დაბალანსებული. თუმცა პოლარიზებულ საზოგადოებაში ინტერპრეტაციები ხშირია. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, როდესაც ჩემი ნათქვამიდან ციტატები შერჩევითად გამოიყენა ერთმა და მეორე მხარემ. ამ ვითარებას უკვე შევეჩვიეთ. მაგრამ, წინასაარჩევნო პერიოდში მოვუწოდებდი ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავოს მსგავსი ცუდი პოლიტიკური საქციელისგან, რადგან ეს არაფრის მომცემია. ორივე მხარე- მთავრობაც და ოპოზიციაც ამ ანგარიშში იმსახურებენ შექებას. ასევე, ორივე მხარემ იცის, რომ მათ გაუმჯობესება სჭირდებათ. ორივე მხარე უნდა იყოს ვალდებული, პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში, შემდგომი ნაბიჯები გადადგან. მოვუწოდებ ყველა მხარეს, დამშვიდნენ, გამოიყენონ ნაკლებად პოლარიზებული ენა, არ მოიქცნენ ისე შერჩევითად, როგორც წარსულში, რადგან ამას შეცდომაში შევყავართ, ხდება ნაწილობირვ ჩვენი და ნაწილობრივ კი თბილისში პოლიტიკური ბირთვის ინსტრუმენტალიზაცია. ეს სამარცხვინოა, რადგან ამას ყველა ხვდება და ღიმილის მომგვრელია. შემდეგ კი ფიქრობ – რატომ აკეთებენ ამას, ეს ხომ არაფრის მომცემია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში დაამტკიცა. რეზოლუცია 36 პუნქტს მოიცავს და მასში შეფასებულია როგორც ქვეყნის მიღწევები პოლიტიკური დიალოგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე გამოთქმულია კრიტიკა რიგ სფეროებში.