რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტის ანგარიშში შევიდა ორი მნიშვნელოვანი შესწორება, რომელიც ეხება როგორც პრეზიდენტისადმი მოწოდებას, შეიწყალოს ნიკა გვარამია, ასევე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლას
რასა იუკნევიჩიენე - ევროპარლამენტის ანგარიშში შევიდა ორი მნიშვნელოვანი შესწორება, რომელიც ეხება როგორც პრეზიდენტისადმი მოწოდებას, შეიწყალოს ნიკა გვარამია, ასევე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლას

​პირველ რიგში, ჩვენ უნდა გადავხედოთ ევროპარლამენტის ანგარიშის მთლიან შინაარსს, რადგან მასში ბევრი პოზიტიური შენიშვნაა, სადაც არაერთი შეთანხმებაა საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ​ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროპარლამენტში მიესალმებიან, რომ საქართველო მათი ნაწილი იყოს, კანდიდატის სტატუსი მიიღოს და მომავალში გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ეს ანგარიში დატვირთული იყო შესწორებებით, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩანაწერები რუსეთთან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო კავშირების შესახებ და მოწოდება ინსტიტუციების მიმართ, შეისწავლონ ეს საკითხი. ეს თუ დადასტურდება, მას და მის ახლო გარემოცვას პერსონალური სანქციები დაუწესდებათ. ორი მნიშვნელოვანი შესწორება ეხება პრეზიდენტისადმი მოწოდებას, შეიწყალოს ნიკა გვარამია, ასევე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლას. ანგარიშში პრეზიდენტს მოუწოდებენ, გააკეთოს ყველაფერი სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ჩვენ, ევროპარლამენტი ანგარიშის იმპლემენტაციას არ ვახდენთ, ეს არის ერთგვარი რეკომენდაცია, თუმცა ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.