გიორგი ხელაშვილი - ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს იურიდიული ძალა, მაგრამ მასში ასახული მოსაზრებები შეიძლება, ე.წ. სკეპტიკურმა ქვეყნებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ
გიორგი ხელაშვილი - ევროპარლამენტის ანგარიშს არ აქვს იურიდიული ძალა, მაგრამ მასში ასახული მოსაზრებები შეიძლება, ე.წ. სკეპტიკურმა ქვეყნებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ

ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული ანგარიში არ არის იურიდიული ძალის მქონე არც ევროკომისიისთვის, მით უმეტეს, არც საქართველოს კანონმდებლობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ანგარიშში ასახული მოსაზრებები შეიძლება, ე.წ. სკეპტიკურმა ქვეყნებმა გამოიყენონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „მოამბეში“ განაცხადა.

ხელაშვილის თქმით, ეს არის კრიტიკული ანგარიში, თუმცა, ამავდროულად, არ წარმოადგენს რაიმე სიახლეს, ვინაიდან, ხელაშვილის განცხადებით, წინა ჯერზეც დაახლოებით ანალოგიური ანგარიში იქნა მიღებული.

„ეს ანგარიში არ არის იურიდიული ძალის მქონე, არც ევროკომისიისთვის, მით უმეტეს, არც საქართველოს კანონმდებლობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ანგარიშში ასახული მოსაზრებები შეიძლება, ე.წ. სკეპტიკურმა ქვეყნებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დოკუმენტი ცუდია და სამწუხაროა, რომ გარკვეული შესწორებების ინიციატორები იყვნენ ევროპარლამენტის ის დეპუტატები, რომლებიც სიტყვით მხარს უჭერენ საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმით წინააღმდეგი გამოდიან.

სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ საქართველოს საკითხი გახდა მეტისმეტად პოლიტიზებული ევროპარლამენტში, რაც ნიშნავს, რომ მსგავს გადაწყვეტილებებზე როდესაც ხმას აძლევენ ევროდეპუტატები, ისინი მაინცდამაინც ინდივიდუალური მოსაზრებებით არ ხელმძღვანელობენ. მათ შორის, ვინც ხმა მისცა ამ ანგარიშს, ძალიან ბევრი არ არის გარკვეული საქართველოს პოლიტიკაში, გადაწყვეტილებები მიიღება პარტიების მიხედვით და, როგორც წესი, ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე პარტიები – ესენია: „ევროპის კონსერვატიული პარტია“ და „სახალხო პარტია“ – ერთხმად გამოდიან ხოლმე საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამჯერადაც დაახლოებით ეს მოხდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება, რომ პოლარიზაცია თავად ევროპარლამენტში იქნეს შემცირებული, რათა საქართველოს საკითხი განხილული იქნას თავად ევროპის ინტერესებისთვის და შეჯერებული პოზიციით თავიდან ავირიდოთ საქართველოს საკითხის ეს ზედმეტი პოლარიზაცია, რადიკალიზაცია და პოლიტიზაცია, რაც ხელს უშლის საქართველოს პროგრესს ევროკავშირისკენ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

წამყვანის შეკითხვაზე, – „რამდენად შეიძლება, ანგარიშში ასახული კრიტიკული შესწორებები გაითვალისწინონ ევროკავშირის იმ ინსტიტუტებმა, რომლებმაც უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები?“ – ხელაშვილმა აღნიშნა, რომ „როგორც წესი, ეს გადაწყვეტილებები პოლიტიკურია“.

„დავუშვათ, ევროკავშირის რომელიმე ქვეყანამ ან რომელიმე ინსტიტუტმა თუ მოინდომა საქართველოზე რაიმე სახის წნეხის გამხორციელება, ამ შემთხვევაში, ყოველთვის მოიხმობენ ხოლმე მსგავს რეზოლუციებს, რომ საქართველოს დაათმობინონ გარკვეული ინტერესები და საკითხები. ეს განსაკუთრებით იმ ქვეყნებს ეხებათ, რომლებსაც ან თავად აქვთ პრობლემები და საქართველოს მთავრობასთან გართულებული ურთიერთობა, ან კიდევ იმ ქვეყნებს, რომლებიც არიან სკეპტიკოსები, არ უნდათ გაფართოება და ამ შემთხვევაში ისინი იყენებენ მსგავს რეზოლუციებს. გაფართოების მოწინააღმდეგე ძალები ყოველთვის ცდილობენ, რომ კრიტიკული შენიშვნები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ. ეს, რა თქმა უნდა, არც საქართველოს ინტერესშია და არც ევროკავშირის პროგრესული ნაწილის ინტერესში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ პოლარიზაციის შემცირება ან შესუსტება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, ვინც არის ამის მთავარი მოტივატორი, მთავარი ლოკომოტივი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერები ევროპარლამენტში“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.