ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე - რა წერია 36-პუნქტიან რეზოლუციაში
ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე - რა წერია 36-პუნქტიან რეზოლუციაში

ევროპარლამენტმა 552 ხმით 61-ის წინააღმდეგ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში დაამტკიცა. რეზოლუცია 36 პუნქტს მოიცავს და მასში შეფასებულია როგორც ქვეყნის მიღწევები პოლიტიკური დიალოგის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით, ასევე გამოთქმულია კრიტიკა რიგ სფეროებში.

ევროპარლამენტი მიესალმება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მუდმივ გაღრმავებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს არჩეულ კურსს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ანგარიშში საუბარია, რომ ევროპარლამენტი აცნობიერებს, ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, რამაც საქართველო გახადა ევროკავშირის მთავარი პარტნიორი რეგიონში და კიდევ ერთხელ აცხადებს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში,  რეფორმების განხორციელების და მონიტორინგის აუცილებლობას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ თანამშრომლობის გაღრმავება და ევროკავშირის დახმარება ემყარება პრინციპს „მეტი მეტისთვის“ და განაპირობებს რეფორმების გაგრძელებას, კერძოდ, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობასა და საარჩევნო რეფორმის კუთხით.

ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს მის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ვალდებულებას, განაგრძოს და ხელი შეუწყოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას. მკაცრად გმობს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციას, მავთულხლართების ღობეების უკანონო მოწყობას და სხვა ხელოვნურ დაბრკოლებებს („ბორდერიზაციას“) საქართველოს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელსაც რუსეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლები ახორციელებენ.

ევროპარლამენტი მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი ხალხისა და ხელისუფლების საერთაშორისოდ აღიარებულ რეაგირებას „კოვიდ-19“-ის პანდემიასა და მედიკოსების, ასევე ხელისუფლების მიერ გატარებულ  ეფექტიან პრევენციულ ზომებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა საქართველოს „კოვიდ-19“-ზე რეაგირებისთვის 183 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი გამოუყო. 150 მილიონი ევროს ოდენობით კი, მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაზრდისა და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად სესხი მისცა.

ევროპარლამენტი მიესალმება ფაქტს, რომ 2017 წლის მარტიდან, საქართველოს 900 000-მდე მოქალაქემ შენგენისა და შენგენთან ასოცირებულ ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურა. ამასთან, მხედველობაში იღებს საქართველოს მოქალაქეების მიერ, თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის მზარდ რიცხვს და მოუწოდებს ყველა ქვეყანას, აღიარონ საქართველო, როგორც უსაფრთხო ქვეყანა, რათა დააჩქარონ ასეთი მოთხოვნების განხილვის პროცესი.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ევროკავშირის სანდო პარტნიორის როლსა და მნიშვნელოვან კონტრიბუტორს საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის, ნატო-ს მისიებსა და ოპერაციებში. მოუწოდებს საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს, შემდგომშიც ითანამშრომლონ საქართველოსთან საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის კუთხით. კერძოდ, საქართველოს დაინტერესების გათვალისწინებით, მონაწილეობა მიიღოს მუდმივი სტრუქტურული თანამშრომლობის პროექტების განხილვასა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებთან თანამშრომლობის განვითარებაში, რაც ორივეს, ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ინტერესებშია.

პოლიტიკურ დიალოგსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით – ევროპარლამენტი მიესალმება ყველა მსხვილი პარტიის მიერ, საერთაშორისო შუამავლობით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებასა და 2020 წლის 8 მარტის ერთობლივ განცხადებას, რომელმაც საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი მახასიათებლები დაადგინა, რაც დაფუძნებულია 120 /30-ზე პრინციპსა და საარჩევნო უბნების სამართლიან განაწილებაზე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და შესაძლებელი გახადა ამ სისტემის 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამოქმედება. ევროპარლამენტი მიესალმება პარტიათაშორისი დიალოგის შედეგს, როგორც მზაობის მკაფიო ნიშანს გამოსავლის საპოვნელად და ხაზს უსვამს პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენისა და პარტიათაშორისი დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობას 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველს.

ევროპარლამენტი, ასევე მიესალმება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 2020 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებას, დაკავებული ორი ოპოზიციონერი ლიდერის შეწყალებასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი დაძაბულობის შესამსუბუქებლად. მოუწოდებს მხარეებს ამასთან დაკავშირებით, პატივი სცენ შეთანხმებას და სრულად განახორციელონ მისი ყველა ასპექტი.  სახელდობრ, უზრუნველყონ, რომ საარჩევნო რეფორმის ყველა ელემენტი აისახება კონსტიტუციასა და კანონში, აღსრულდება და დაუყოვნებლივ გადაიჭრება ყველა გახმაურებული პოლიტიზირებული სასამართლო საქმე

„მივესალმებით ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის რეფორმებთან დაკავშირებით განხილვები, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისთანავე დაიწყო და წარმატებულად დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში. ევროპარლამენტი ასევე მიესალმება საქართველოს გადადგმულ ნაბიჯებს, უფრო წარმომადგენლობითი პარლამენტის დამკვიდრებისა და პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზებისთვის“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.   ​

რაც შეეხება კანონის უზენაესობას, კარგ მმართველობასა და მედიის თავისუფლებას – ევროპარლამენტი აღიარებს საქართველოს პროგრესს რეფორმების კუთხით, რომელიც აძლიერებს მის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებას. კერძოდ კი, 2018 წელს გატარებული კონსტიტუციური რეფორმებით.

ამავდროულად, ევროპარლამენტი „შეშფოთებას გამოთქვამს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლოდროინდელ სასამართლო საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ძირს უთხრის მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ნდობას და შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ასოცირების შეთანხმებასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის საკითხებთან დაკავშირებულ რეფორმებზე“.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავონ პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო განხილვებისგან და მოუწოდებს ევროკავშირის დელეგაციებს, მონიტორინგი გაუწიონ ასეთ სასამართლო პროცესებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს კანონის უზენაესობის უმაღლეს სტანდარტებს, კერძოდ, სასამართლო დამოუკიდებლობას და სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და ადამიანის უფლებებს, რომლის ვალდებულებაც ასოცირების შეთანხმებით აქვს აღებული.

ანგარიშში ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს, „გამოიძიონ სამართალდამცველების მიერ, ძალის გადამეტების ყველა ის ინციდენტი, რომელიც მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა, მათ შორის 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დროს.

ევროპარლამენტი აცნობიერებს, რომ საქართველოში მედიალანდშაფტი დინამიური და პლურალისტურია, თუმცა ასევე პოლარიზებული. ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების მნიშვნელობას, რაც ყველა პოლიტიკური მხარისთვის მედიაზე თანაბარ წვდომას უნდა მოიცავდეს, ასევე სარედაქციო დამოუკიდებლობას,  პოლიტიკური ხედვების მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას გადაცემებში მომავალი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში როგორც  კერძო,  ასევე  საზოგადოებრივ მაუწყებლებში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ინსტიტუციებისა და მედიასაშუალებების წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმებს, რომლებსაც რუსულ აქტორებს მიაწერენ. ხაზს უსვამს ეფექტური გამოძიებისა და ბრძოლის აუცილებლობას უცხოური დეზინფორმაციული კამპანიებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ, რაც ძირს უთხრის საქართველოს ინსტიტუციებსა და საზოგადოების პოლარიზებას აღვივებს. ევროპარლამენტი მოუწოდებს საბჭოს და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურს, გააძლიერონ  თანამშრომლობა კიბერუსაფრთხოების საკითხებში, რათა გაძლიერდეს ამ სფეროში საქართველოს გამძლეობა. „ევროკომისიამ ხელი უნდა შეუწყოს რეფორმებს მედიასა და ინფორმაციულ ცნობიერებაში, საქართველოს მთავრობამ კი, უნდა ითანამშრომლოს ევროკავშირის ინსტიტუტებთან დეზინფორმაციის საწინააღმდეგო საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით“,- აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, თავი შეიკავონ ხალხზე, ორგანიზაციებსა და ინსტიტუტებზე თავდასხმისთვის სოციალური მედიის გამოყენებისგან და  დეზინფორმაციის განზრახ გავრცელებისგან. ევროპარლამენტი ყურადღებას ამახვილებს სოციალური მედიის პლატფორმების მიერ განხორციელებულ ბოლოდროინდელ ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო ანგარიშებისა და გვერდების წინააღმდეგ და შეიცავდა კოორდინირებულად არაავთენტურ ქცევასა და ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იერიშებს.

ადამიანის უფლებების დაცვასა და ფუნდამენტურ თავისუფლებასთან დაკავშირებით -„ევროპარლამენტი  მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა ფუნდამენტური უფლებების მუდმივი დარღვევის გამო, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ  ეფექტურად ხორციელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აქ მცხოვრები ხალხი მოკლებულია გადაადგილებისა და ცხოვრების თავისუფლებას, საკუთრების უფლებასა და მათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე წვდომის უფლებას. ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ აცხადებს მის სრულ მხარდაჭერას იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება უკანონო „ბორდერიზაციისგანგრძობად პროცესთან დაკავშირებით, რასაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, განსაკუთრებულად დამღუპველი შედეგები მოაქვს. გადაადგილების შეზღუდვის გამო, ხალხი მოკლებულია სამედიცინო სერვისებს, რითაც მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები – ევროპარლამენტი კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და მიესალმება სავაჭრო საკითხებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას.

„ხაზს ვუსვამთ ევროკავშირში ქართული ექსპორტის გაზრდისა და დივერსიფიკაციის აუცილებლობას, ევროკავშირიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მეტი სამუშაო ადგილი და გაუმჯობესდეს საქართველოს სავაჭრო ბალანსი ევროკავშირთან და მაკროფინანსური სტაბილურობა, პირველ რიგში კი, კანონის უზენაესობის განმტკიცებით, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასა და გადასახადებისგან თავის არიდების წინააღმდეგ ბრძოლით და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების მხარდაჭერით“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის დამტკიცებულ დოკუმენტში.