შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე ადამიანი, სააკაშვილის ლობისტები თავს დაესხნენ ევროპარლამენტის ანგარიშს, დაჩეხეს იმ დონეზე, რომ სვენ მიქსერს მოუწია, მხარი არ დაეჭირა მისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია 
შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე ადამიანი, სააკაშვილის ლობისტები თავს დაესხნენ ევროპარლამენტის ანგარიშს, დაჩეხეს იმ დონეზე, რომ სვენ მიქსერს მოუწია, მხარი არ დაეჭირა მისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია 

რამდენიმე ადამიანი, მიხეილ სააკაშვილის ლობისტები თავს დაესხნენ ევროპარლამენტის ანგარიშს, დაჩეხეს იმ დონეზე, რომ სვენ მიქსერს მოუწია, მხარი არ დაეჭირა მისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის სიტყვებით, ყველაფერი ნათქვამია იმით, რომ ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის ავტორმა, სვენ მიქსერმა სანქციების შესახებ შესწორებების წინააღმდეგ მისცა ხმა, ანგარიშის მხარდაჭერისგან კი თავი შეიკავა.

„აბსოლუტურად ვეთანხმები ანგარიშის ავტორის შეფასებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა მას. ამით ყველაფერი ნათქვამია. როდესაც ადამიანი თვეების განმავლობაში მუშაობდა ანგარიშზე და მხარს არ უჭერს იმის გამო, რომ ანგარიშს თავს დაესხნენ, დაჩეხეს, ჩადეს სხვადასხვა საკითხი, ბოლოს ავტორს და მის ჯგუფს სხვა გამოსავალი აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ მხარი არ დაეჭირათ და დემარში გამოეცხადებინათ ანგარიშისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ ანგარიშზე. ჩვენგანაც კომენტარი აღარ სჭირდება. რასაც ჩვენ ვსაუბრობდით ზაფხულში, როდესაც წინა რეზოლუცია მიიღეს – და ამაზე მკაცრი პოზიცია გვქონდა – ეს დადასტურდა. ახლა უკვე ავტორმა დაადასტურა. მთავარი საკითხი აქ არის, ვინ არიან მთავარი ავტორები. ვინ არის ანგარიშის ავტორი, რამდენიმე პარლამენტარი ევროპარლამენტში, რომლებიც არიან სააკაშვილის მეგობრობის ჯგუფის წევრები, ვიცით უკვე ყველამ სახელებითა და სახეებით. ეს არის მთავარი საკითხი, რომელსაც უნდა ვაკვირდებოდეთ. ევროპარლამენტი ჯგუფებისდა მიხედვით როგორ აძლევს ხმას, თქვენ ფიქრობთ, რომ იმ 400 ადამიანს წაკითხული აქვს ეს რეზოლუცია? რა თქმა უნდა, არა. მთავარია, ავტორმაც და მისმა ჯგუფმაც პროტესტი გამოუცხადეს ამ ანგარიშს.

ყოველგვარი ზედმეტი ანალიზის გარეშე, ხელისგულზე დევს, რომ ამ შესწორებების უკან დგას ლობიზმი. ამაზე ყველა ვთანხმდებით. ჩვენი თვალით ვიხილეთ პროცესი, რა არის ლობისტური ზემოქმედების მავნე გავლენა ევროპარლამენტში. არის ადამიანი, რომელიც შინაარსობრივად მუშაობს ანგარიშზე, ჩამოსული იყო აქ რამდენჯერმე, ხვდებოდა სხვადასხვა პარტიას, მოამზადა ანგარიში. რამდენიმე ადამიანი, ლობისტური ჯგუფი, მიხეილ სააკაშვილის ლობისტები თავს დაესხნენ ამ ანგარიშს, დაჩეხეს იმ დონეზე, რომ ადამიანს მოუწია, ხმა არ მიეცა მისთვის. ეს არის კლასიკური მაგალითი ლობისტური საქმიანობის მავნე გავლენისა პოლიტიკაზე. დავინახეთ, რა არის ლობიზმის ჭარბი გავლენა ევროპულ პოლიტიკაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა. ანგარიშს მხარი დაუჭრა 430-მა ევროპარლამენტარმა, 126-მა თავი შეიკავა, 52 წინააღმდეგი იყო.