16 სექტემბერს ევროპარლამენტმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიში დაამტკიცა და 36-პუნქტიანი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში შეფასებულია, როგორც საქართველოს მიღწევები, ასევე გამოთქმულია კრიტიკაც. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 552-მა დეპუტატმა. ერთ-ერთი მათგანი იყო ევროპარლამენტში „მწვანეების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, გერმანელი ევროდეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი, რომელსაც საქართველოს პირველი არხი, ევროპარლამენტის რეზოლუციის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებზე ესაუბრა.
თქვენი აზრით, ევროპარლამენტის ანგარიშის რომელი პუნქტებია ყველაზე მნიშვნელოვანი?
– 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება განსაკუთრებული კომპრომისი იყო, რომელსაც შეიძლება, ვუწოდოთ პოლიტიკური მიღწევა. ამ ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს არის. ეს იყო ისტორიული შანსი საქართველოსთვის, ეჩვენებინა, რომ ქართველებს კომპრომისის მიღწევა შეუძლიათ და საუკეთესო შედეგისკენ მიისწრაფვიან. ასევე, ვფიქრობ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოების რესურსი არსებობს. ამ მხრივ ასოცირების შეთანხმების ზოგიერთი პუნქტი ჯერ ბოლომდე გამოყენებული არ არის, რაც გაფლანგული შესაძლებლობაა. მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ნაკლების აღმოფხვრაც, რაც დიდი ხანია, პრობლემას წარმოადგენს. ჩვენი სურვილია, რომ მოსამართლეთა არჩევის წესი შეიცვალოს და ზოგადად, სამომავლოდ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში პარტიებს შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს. შეთანხმების რომელი ნაწილია შეუსრულებელი?
ვენეციის კომისიას აქვს რამდენიმე რეკომენდაცია, რაც ჯერ არ შესრულებულა. ეს ეხება მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემებს. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. ამ საკითხის გადაჭრას საქართველო დიდი ხანია, ცდილობს. ახლა ეს უკვე მთავრობის საქმეა, რომელიც არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, რომ იპოვოს მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების გზა და მოსამართლეების არჩევის სხვა წესი. მოსამართლეები აუცილებლად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები. სხვა შემთხვევაში, ბიზნესგარემოსადმი ნდობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა არ გაიზრდება. ასე რომ, ეს საკითხი ეკონომიკურ გარემოსა და ქვეყნის განვითარებასთან არის დაკავშირებული. უცხოელ ინვესტორებს უნდა სჯეროდეთ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის. შეიძლება, ითქვას, რომ ეს არ არის შეთანხმების ნაწილი, მაგრამ ზოგადად, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
საქართველოში პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპარლამენტის რეზოლუცია სხვადასხვაგვარად შეაფასეს. თქვენი აზრით, ვის უფრო მეტი სარგებელი მოუტანა ამ დოკუმენტმა, ოპოზიციას თუ მთავრობას?
– ეს ანგარიში ძალზედ დაბალანსებული იყო. თუმცა, პოლარიზებულ საზოგადოებაში ინტერპრეტაციები ხშირია. ეს საკუთარ თავზეც გამოვცადე, როდესაც ჩემი ნათქვამიდან ციტატები შერჩევითად გამოიყენა, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ. ამ სიტუაციას უკვე შევეჩვიეთ, მაგრამ წინასაარჩვენო პერიოდში მოვუწოდებდი ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ მსგავსი ცუდი პოლიტიკური საქციელისგან, რადგან ეს არაფრის მომცემია. ორივე მხარე, მთავრობაც და ოპოზიციაც ამ ანგარიშში იმსახურებენ შექებას, ასევე ორივე მხარემ იცის, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო. ორივე მხარე უნდა იყოს ვალდებული, პოლიტიკური შეთანხმების ფარგლებში შემდგომი ნაბიჯები გადადგან. მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, დამშვიდდნენ, გამოიყენონ ნაკლებად პოლარიზებული ენა, რადგან ამას შეცდომაში შევყავართ, ხდება ნაწილობრივ ჩვენი და ნაწილობრივ თბილისში პოლიტიკური ბირთვის ინსტრუმენტალიზაცია. ეს სამარცხვინოა, რადგან ამას ყველა ხვდება და ღიმილის მომგვრელია. შემდეგ კი ფიქრობ – რატომ აკეთებენ ამას? ეს ხომ არაფრის მომცემია.
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია, რას ელოდება ევროპარლამენტი და ჩამოვლენ თუ არა დამკვირვებლები?
– ჩვენ ყველას დიდი სურვილი გვაქვს, რომ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებს ევროპარლამენტისა და ევროკავშირის მისია დააკვირდეს. სამწუხაროდ, კორონავირუსის კრიზისის გამო შეზღუდული ვართ. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო და სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენი სადამკვირვებლო მისია არ იქნება. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვეკონტაქტებით დიპლომატ დამკვირვებლებს, რომლებიც თბილისში იმყოფებიან, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ადგილობრივ დამკვირვებლებთან. წინა არჩევნებიდან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის და ტენდენცია დადებითია. იმედი გვაქვს, 2020 წელს ეს ტრადიცია გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე არ ვიქნებით, არჩევნებს ყურადღებით დავაკვირდებით.
ვისაუბროთ რუსეთის ფაქტორზე. რისი გაკეთება შეუძლიათ ევროკავშირსა და საქართველოს, რათა არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხე თავიდან აიცილონ?
– მნიშვნელოვანია, რომ საქართველო მარტო არ არის. რუსეთი ანალოგიურად ექცევა ყველა მეზობელს, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და აშშ-საც კი. ეს ხდება ყველგან, სადაც არჩევნები ან რეფერენდუმი იმართება. ვიცით, რომ რუსეთი ჩაერია „ბრექსითში“, ასევე კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში. შეიძლება, ითქვას, რომ ყველა ერთ კალათაში ვართ და ამიტომ აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი 2020 წლის არჩევნებს აუცილებლად გამოიყენებს შესაძლებლობად, რათა ჩაერიოს, მანიპულაცია მოახდინოს, ერთი კანდიდატი მეორეს დაუპირისპიროს, კონკრეტული კანდიდატების დისკრედიტაცია მოახდინოს… ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართვლოს, რათა არსებობდეს ლოკალური მედიაპლატფორმები, სადაც ჟურნალისტები ამომრჩევლებს დეტალურად აუხსნიან პარტიების საქმიანობას და მონიშნავენ იმ ახალ ამბებს, რომლებსაც რუსეთის ბოტები და ყალბი ანგარიშები ავრცელებენ. ევროკავშირში ამ საკითხზე ინფორმირებული ვართ. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის კიბერიერიშები ჯანდაცვის ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის, ლუგარის ლაბორატორიაზე. ამიტომ ევროპარლამენტში შექმნილია სპეციალური კომიტეტი, რომელიც ევროკავშირის სახელმწიფოებში უცხო ქვეყნების ჩარევის საკითხებს სწავლობს. ეს კომიტეტი განიხილავს ანალოგიურ შემთხვევებს საქართველოში, უკრაინასა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა სახელმწიფოებში. ცხადია, რუსეთისგან მოდის მუქარა და ეს არის ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილი. აუცილებელია, ამომრჩევლებმა იცოდნენ კრემლის ტაქტიკა და ნარატივები.
როგორც ცნობილია, თქვენ აქტიურად უჭერთ მხარს ბელარუსში სამოქალაქო აქტივისტებს. ბელარუსში შექმნილი ვითარების ფონზე, თქვენი აზრით, როგორი მომავალი აქვს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამას, განსაკუთრებით საქართველოსთვის.
– ვიცი, რომ პრინციპი „მეტი მეტისთვის“, რომლითაც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამა მოქმედებს, საქართველოსთვის მისაღები და მოსახერხებელია. კარგი იქნება, თუ საქართველო გამოიყენებს ამ შესაძლებლობას და მეტ მისწრაფებას აჩვენებს. საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მუდმივი ლიდერია. ახლა საჭიროა, საქართველომ კიდევ ერთხელ დაანახოს ყველას, რომ ის პროგრამის მოწინავე წევრია. ბევრ საკითხში საქართველომ ეს უკვე შეძლო, თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, არსებობს სფეროები, სადაც მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი სფეროა მართლმსაჯულება. ასევე, მედიის კუთხით ვნახეთ მცირე უკუსვლა. საქართველოში უნდა აცნობიერებდნენ, რომ ევროპარლამენტი თვალს ადევნებს მოვლენების განვითარებას და ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ თითოეულ სახელმწიფოსთან მიზნობრივი მიდგომა გვექნება. მაგალითად, ბელარუსის შემთხვევაში, ვხედავთ შანსს, რომ ამ ქვეყანაში სულ ცოტა ხანში სიტუაცია შეიცვალოს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვსურს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ერთიანობა შევინარჩუნოთ. ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ერთიანი მიდგომა და მეორე მხრივ, მიზნობრივი მიდგომა გვქონდეს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიმართ, რომლებიც მეტისკენ მიისწრაფვიან. როგორც ვხედავთ, დღეს უკრაინაც არ არის ჩამოყალიბებული, თუ რომელ მხარეს დგას. ამიტომ ახლა მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მკაფიო ლიდერობა აჩვენოს.
რადგან ბელარუსზე ვსაუბრობთ, უნდა გკითხოთ რუსეთის როლზე, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმეზე და ბერლინში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე. თქვენი აზრით, ევროკავშირმა სანქციები უნდა გაამკაცროს?
– ნავალნის საქმე აისბერგის მწვერვალია. რუსეთის მხრიდან ბელარუსის შიდა საქმეებში ჩარევაც მკაფიოდ გამოჩნდა. ვნახეთ, რომ რუსეთმა გააგზავნა რამდენიმე ჟურნალისტი, რათა ისინი ჩაუდგნენ სათავეში ბელარუსის სახელმწიფო მედიას. მათ ბელარუსში გააგზავნეს სპეცრაზმელები, დაზვერვის თანამშრომლები. თვალსაჩინოა, რომ კრემლმა გააძლიერა ლუკაშენკოს მხარდაჭერა, რაც შემაშფოთებელია. როდესაც ევროპა ცდილობს, ბელარუსის საქმეებში არ ჩაერიოს, მიუკერძოებლობა შეინარჩუნოს და მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას დაუჭიროს მხარი, რუსეთი სამხედრო მხარდაჭერას უცხადებს ბელარუსს. ამიტომ, ძნელი სათქმელია, როგორი იქნება ჩვენი პასუხი. ლუკაშენკოს ბოლო განცხადება, რომელშიც ის ამბობს, რომ პოლონეთთან და ლიეტუვასთან საზღვრებს კეტავს, უკვე მეტისმეტია. ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების პასუხი. ბრიუსელში შევხვდებით ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატ სვეტლანა ციხანოვსკაიას და ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭოს წევრებს. შევეცდებით, მათთან შეთანხმებით ვიმოქმედოთ. თუმცა, რუსეთის როლი შემაშფოთებელია. მე მოვითხოვე მკაცრი სანქციების დაწესება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამ პროცესებშია ჩართული, მათ შორის, რუსი ჟურნალისტებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც რუსეთის მხარეზე მოქმედებენ და რომლებიც ლუკაშენკოსადმი ლოიალურები არიან. იმედი გვაქვს, რომ შექმნილი მდგომარეობის გამო გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაყვანა შეჩერდება, რადგან რუსეთი მას გეოსტრატეგიულ ინსტრუმენტად იყენებს. ამ გაზსადენის გაყვანით მოსკოვი ევროკავშირში გეოპოლიტიკურ გავლენას ზრდის. კრემლი აუცილებლად შეეცდება ამ გაზსადენის გამოყენებას ევროპის შანტაჟისთვის. ასევე, შესაძლებელია რუსეთიდან ნავთობის ექსპორტის შეზღუდვაც, რადგან რუსეთი დიდად არის დამოკიდებული ნავთობზე. იმედი მაქვს, ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურები დააწესებენ მკაცრ სანქციებს, რათა პუტინს ბელარუსის საკითხებში ჩარევა ძვირად დაუჯდეს.
ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე გერმანიის ლიდერობაა საჭირო?
– დიახ. ჩვენ ვნახეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გააქტიურება და მისი განცხადებები. ახლა ყველაფერი კანცლერზეა დამოკიდებული. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ კარგი იქნება, მან საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება და შეაჩეროს გაზსადენის მშენებლობა ან სულ მცირე, მორატორიუმი მაინც გამოაცხადოს და შემდეგ ჩამოაყალიბოს პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მშენებლობა განახლდება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, რადგან რუსეთი თამაშის წესებს არასდროს იცავს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სიმკაცრის გამოჩენა, რაც განსაკუთრებით გერმანიას ეხება.