ნიკოლოზ სამხარაძე - ანა ფოტიგამ ჯოზეფ ბორელისგან მიიღო პასუხი, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, ამის მიუხედავად, დღეს ანგარიშში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სავარაუდო ფაქტები არსებობს
ნიკოლოზ სამხარაძე - ანა ფოტიგამ ჯოზეფ ბორელისგან მიიღო პასუხი, რომ საქართველოში სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, ამის მიუხედავად, დღეს ანგარიშში გაჩნდა ჩანაწერი, რომ სავარაუდო ფაქტები არსებობს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის ყოველწლიური ანგარიში აბსურდულ ტექსტს მოიცავს.

მისივე თქმით, ანგარიშში რეკომენდაციის სახით შესულია ჩანაწერი, რომელიც საქართველოში სანქციების სავარაუდო გვერდის ავლას ეხება და არავითარი ფაქტი ამის შესახებ დასახელებული არ არის.

„სრულიად აბსურდული ტექსტი წერია. სამჯერ არის ნახსენები სიტყვა „სავარაუდო“. შესაბამისად, აქ არანაირი ფაქტი არ არის მოყვანილი. ვიდრე ამ შესწორებას შეიტანდნენ რეზოლუციაში, ფოტიგამ, რომელიც ევროპარლამენტის წევრია, წერილი მისწერა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლასთან დაკავშირებით. მან ჯოზეფ ბორელისგან მიიღო პასუხი, რომ საქართველოში სანქციებისთვის გვერდის ავლა არ ხდება. მიუხედავად ამისა, დღეს რეზოლუციაში გაჩნდა ჩანაწერი, რომ ამის სავარაუდო ფაქტები არსებობს. ეს ევროპარლამენტარები არათუ საკუთარ აღქმებზე გაკეთებული დასკვნების რეზოლუციაში შეტანას არ ერიდებიან, არამედ არ ერიდებიან იმასაც, რომ დამალონ ოფიციალური ინფორმაცია, რომელიც მათი კითხვის პასუხად უმაღლესმა წარმომადგენელმა გაუგზავნა. როდესაც ასეთი დიდია პოლიტიკური ანგაჟირებულობა და მიკერძოებულობა, ჩვენ იქ ყველაფრის ჩაწერას ველოდით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, – „ელოდებით თუ არა აღმასრულებელი რგოლისგან რეკომენდაციის გათვალისწინებას და ივანიშვილის დასანქცირებას?“ – ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს ამისი მოლოდინი არ აქვს.

„რა თქმა უნდა, არ ველოდებით. როგორც წინა რეზოლუციის შემდეგ არ მომხდარა, არც ახლა ველოდებით, რომ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო და რგოლი ამ კონკრეტულ მოწოდებებს გაიზიარებს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, – „ივანიშვილის დასანქცირებას საქართველოში დემოკრატიის გაუარესების გამოც ითხოვენ. ევროპარლამენტარებს აქვთ თუ არა საფუძველი, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენიონ და ანგარიშში მის მიმართ პერსონალურ სანქციებზე იყოს საუბარი?“ – სამხარაძემ განაცხადა, რომ ჩანაწერებს შორის ეს კიდევ ერთი უაზრობაა.

„ესეც კიდევ ერთი უაზრობაა. ევროკომისიის ანგარიშებსა და გუშინდელი ევროპული საბჭოს განცხადებას თუ შევხედავთ, მიესალმებიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან 12 პუნქტის შესრულების პროცესს და აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ამ განცხადებების საპირწონედ, რომელიც გუშინ აღმასრულებელმა რგოლმა გააკეთა და რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიის საკმაოდ დადებითი გამოხმაურება იყო, ანგაჟირებული ევროპარლამენტარების მხრიდან ვიღებთ ჩანაწერს, თურმე ქვეყანაში გაუარესებული დემოკრატიული ვითარებაა. მოვუწოდებდი მათ, გადახედონ საერთაშორისო რეიტინგებს, რომლებსაც აქვეყნებენ მსოფლიო ბანკი, „თრანსფარენს ინთერნეიშენალი“, ასევე სხვა საერთაშორისო სამთავრობო, არასამთავრობო ორგანიზაციები. იქ ნახონ, რომელ ადგილზეა საქართველო და შემდეგ შეადარონ სხვა ქვეყნებს, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც. უკვე ორი წელი გავა, რაც ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად გასულია პოლიტიკიდან. შესაბამისად, მათ მოვთხოვდი, წარმოადგინონ კონკრეტული ფაქტები, მტკიცებულებები, როგორ, რა ბერკეტებით და მექანიზმებით ერევა ის ქართულ პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, ამას ვერ წარმოადგენენ, რადგან ამის დამადასტურებელი ფაქტები და მტკიცებულებები არ აქვთ. ეს არის სრულიად პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მიერ გაკეთებული ჩანაწერი, თუნდაც ოლიგარქად მოხსენიება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საზოგადოებამ იცის კონკრეტული ევროპარლამენტარების გვარები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან.

„დიდი ხანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცის კონკრეტული ევროპარლამენტარების გვარები, რომლებიც ებრძვიან „ქართულ ოცნებას“ და ამ გზით პირდაპირ ებრძვიან საქართველოს ხელისუფლებას. ეს ადამიანები, საკუთარი აღქმებიდან ან დეზინფორმაციიდან გამომდინარე, რაღაც ჩანაწერების გაკეთებას არ თაკილობენ, რაც პირველი შემთხვევა არ არის. ამას უკვე მივეჩვიეთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს ზიანს ვერ მიაყენებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას და ჩვენს მომავალ წევრობას ევროკავშირში. რამდენიც არ უნდა „იშრომონ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარმა ევროპარლამენტარებმა, მათ ეს მაინც არ გამოუვათ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის ანგარიშთან დაკავაშირებით „ქართულ ოცნებას“ არანაირი ოფიციალური რეაგირება არ ექნება, გარდა იმისა, რომ გააგრძელებენ შეხვედრებს ევროპარლამენტში და შესწორებების ავტორებს მტკიცებულებების წარმოდგენას მოსთხოვენ.

„ჩვენ არანაირი რეაგირება არ გვექნება, გარდა იმისა, რომ გავაგრძელებთ შეხვედრებს ევროპარლამენტში. შეხვედრებისას ასევე მოვთხოვთ ადამიანებს, რომლებიც ამ შესწორებების ავტორები იყვნენ, წარმოადგინონ კონკრეტული მტკიცებულებები, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ წარმოუდგინონ ქართველ ხალხს. იქნებ მართლა აქვთ რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით, თუ არ აქვთ, მაშინ საკუთარი განცხადებები უნდა უარყონ. თუ არ უარყოფენ, ესე იგი, პოლიტიკურად ანგაჟირებულები და მიკერძოებულები არიან, თუმცა ამას დამტკიცებაც აღარ სჭირდება, ისედაც დიდი ხანია, ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიში მიიღო, რომელშიც, რეკომენდაციის სახით, რამდენიმე შესწორება შევიდა.