საქართველოს შვიდ რეგიონს ახალი გუბერნატორები ჰყავს. ახალი სახელმწიფო რწმუნებულები პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის თანამდებობაზე ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ალექსანდრე მოწერელიას სოფლის მეურნეობაში აქვს ძალიან საინტერესო ბიზნესპროექტების გამოცდილება.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი გახლავთ რეგიონებში ეკონომიკის ინკლუზიური ზრდა და დარწმუნებული ვარ, ამ საქმეში ალექსანდრე მოწერელია შეძლებს თავისი წვლილის შეტანას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გურიის რეგიონის გუბერნატორად ზურაბ ნასარაია დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მას აქვს ძალიან მრავალფეროვანი გამოცდილება საზოგადოებასთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის საკითხებში.
„მჯერა, ზურაბი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება გურიაში შეიცვალოს. იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ამ რეგიონში და დარწმუნებული ვარ, ამ პროექტების რეალიზაციის შედეგად ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვანწილად გააქტიურებულ ეკონომიკურ ცხოვრებას გურიაში“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.
„წარმატებებს ვუსურვებ ბესიკ ამირანაშვილს ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად დაინიშნა შალვა კერესელიძე. იგი დღემდე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
„იგი გახლავთ დუშეთში დაბადებული და კარგად იცნობს რეგიონის სპეციფიკასა და მის პრობლემებს. აქვს დიდი გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან ურთიერთობების საკითხში. დღემდე ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს. აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ შეგვიძლია შევიტანოთ დამატებითი ინკლუზიური განვითარება ამ ულამაზეს რეგიონში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულის პოსტზე შოთა რეხვიაშვილი დაინიშნა. იგი იკავებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას.
„შოთა რეხვიაშვილს აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება სამართალდაცვით სფეროში. მჯერა, რომ ის ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა ქვემო ქართლში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები რეგიონის წინსვლისა და განვითარებისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შიდა ქართლის გუბერნატორად გიორგი ხოჯევანიშვილი დაინიშნა.
„გიორგი ხოჯევანიშვილი ბრუნდება სახელმწიფო სტრუქტურებში კერძო სექტორიდან. ის დღემდე იკავებდა თანამდებობას კომპანია „მაგთიკომში“. მას აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ამასთან, იყო ვენეციის კომისიის წარმომადგენელი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
იმერეთის გუბერნატორად შავლეგ ტაბატაძე დაინიშნა.
„შავლეგ ტაბატაძე გახლავთ გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთის სარდალი. ის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედროა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქართული მხრიდან ძალიან მნიშვნელოვან სწავლებებს, მხედველობაში მაქვს Noble Partner-ი. იგი მონაწილეობდა საქართველოს სამშვიდობო მისიებში და გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო ამ მიმართულებით. დიდი წვლილი აქვს შეტანილი საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში და პირადად მისი ავტორიტეტი ჩვენს ჯარისკაცებშიც საკმაოდ მაღალია. მე განსაკუთრებით მიხარია, რომ ასეთი წარსულის მქონე ადამიანს ვანდობთ ისეთ საპასუხისმგებლო საქმეს, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რეგიონის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შვიდი რეგიონიდან ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან მიმდინარე წლის 26 ივლისს გათავისუფლდა, მათ შორის არ ყოფილა გურიის გუბერნატორი. გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ცნობილი დღეს გახდა.
თანამდებობები შეინარჩუნეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ.