სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აბასთუმანსა და ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი აბასთუმანსა და ბაკურიანში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

ბესიკ ამირანაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერთან, ზაქარია ენდელაძესთან ერთად, დაბა აბასთუმანში, 18 ისტორიული სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, დაბა აბასთუმანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე 18 სახლის, ობსერვატორიისა და ობსერვატორიამდე საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას მოიცავს. პროექტის ფარგლებში, გასულ საუკუნეებში აგებული სახლების რესტავრაცია პირვანდელი სახის აღდგენით იგეგმება.

გარდა ამისა, მიმდინარეობს აბასთუმანი-ბაღდათის მიმართულებით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 3.2 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც ბაღდათი-აბასთუმნის 60 კილომეტრიანი გზის პროექტის ნაწილია. იგი სამცხე-ჯავახეთს დასავლეთ საქართველოსთან მოკლე გზით დააკავშირებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული გზის გაგანიერება, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და საგზაო ნიშნების მოწყობა.

ამასთან, გუბერნატორი ბაკურიანში მიმდინარე პროექტებსაც გაეცნო, რომელიც დაბაში მსუბუქი ავტომანქანების სადგომის მოწყობასა და შემოვლითი გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გუბერნატორად გასულ კვირაში დაინიშნა.