აიდიეფაი - თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი სულ მცირე, დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია
აიდიეფაი - თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი სულ მცირე, დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) 2017-2018 წლებში გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკითა და საწვავის ხარჯებით დაინტერესდა.

ორგანიზაციის მიერ გუბერნატორების ადმინისტრაციების მიერ ავტოპარკის განახლება-შენახვის პრაქტიკის და საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯების ანალიზის თანახმად, თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი სულ მცირე, დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანალიზის მიხედვით, ცხრა გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე ირიცხება 78 ავტომობილი, რომელთა 49% არის მაღალი გამავლობის, ხოლო 46% არის განპიროვნებული კონკრეტულ თანამდებობის პირზე ან თანამშრომელზე.

„ყველა სახელმწიფო გუბერნატორზე განპიროვნებულია „ტოიოტა ლენდკუიზერის“ მოდელის ავტომობილი, რომელთა უმრავლესობა გუბერნატორის ადმინისტრაციებისთვის უსასყიდლოდ არის გადაცემული;

გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკის 73% არ ყოფილა შეძენილი მათი ბიუჯეტის ფარგლებში და ისინი უსასყიდლოდ გადაცემულია სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ;

2015 წლის 21 აგვისტოს ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ რუსთავის მერს მიმართა თხოვნით, გადაეცათ ის ავტომობილი, რომელიც იმავე დღეს 71,373 ლარად იყო შესყიდული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან;

2017-2018 წლებში გუბერნატორების მიერ საწვავის ყოველთვიურ მოხმარებაზე დაწესებული ლიმიტები 700-დან 1,500 ლიტრამდე მერყეობდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აიდიეფაის ცნობით, 2017-2018 წლებში შვიდი გუბერნატორის მიერ სულ დახარჯულია 132,208 ლიტრის საწვავი.

„2018 წელს გურიის გუბერნატორების საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯები არ არის შესაბამისობაში მათ მიერვე გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ ნორმასთან;

2017-2018 წლებში შვიდი გუბერნატორის მიერ დაფარულია 750 ათასი კილომეტრი. ისინი 2017 წელს საშუალოდ 52.5 ათას კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო 2018 წელს – 54.7 ათას კილომეტრს;

თითოეული გუბერნატორის მიერ 2017-2018 წლებში გავლილი მანძილი მინიმუმ დედამიწის გარშემო ორჯერ შემოვლის ტოლია. სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორზე განპიროვნებული ავტომობილებით განვლილი მანძილის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მათ დაახლოებით სამჯერ შემოუარეს დედამიწას;

2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილები საშუალოდ ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს;

2017-2018 წლებში გუბერნატორებზე განპიროვნებული ავტომობილების 100 კმ-ზე საშუალო წვის მაჩვენებელი 15 ლიტრიდან 19.83 ლიტრამდე მერყეობდა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

აიდიეფაი ასკვნის, რომ 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურებრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი.