სოზარ სუბარი - გუბერნატორებს პრემიერისგან მკაცრი დავალება აქვთ, ყოველდღიურად იარონ ხალხთან
სოზარ სუბარი - გუბერნატორებს პრემიერისგან მკაცრი დავალება აქვთ, ყოველდღიურად იარონ ხალხთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გუბერნატორებს პრემიერისგან მკაცრი დავალება აქვთ, ყოველდღიურად იარონ ხალხთან. ამის შესახებ სუბარმა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ 2017-2018 წლებში გუბერნატორების ადმინისტრაციების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ მომზადებულ დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, დღეში 150 კილომეტრის დაფარვა თითო გუბერნატორის ავტომობილისთვის ნორმალურია და მასთან დაკავშირებული ხარჯებიც არ არის მაღალი.

„ყველა გუბერნატორს პრემიერისგან მკაცრი დავალება აქვს მიცემული, რომ ჰქონდეთ ყოველდღიური ურთიერთობა მოსახლეობასთან, ხალხთან, იარონ მუნიციპალიტეტებში, სოფლებში, რათა ადგილზე შეისწავლონ მდგომარეობა, შეისწავლონ პრობლემები და შემდგომ, ეს პრობლემები მოიტანონ მთავრობაზე, რომ ერთად დავგეგმოთ, როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები.

ბუნებრივია, ეს მოითხოვს ყოველდღიურ სიარულს, როგორც მუნიციპალიტეტების მხარის ფარგლებში, ასევე თბილისში. კვლევაში საშუალოდ მითითებულია 150 კილომეტრი დღეში, ანუ 25 ლიტრი ბენზინი, რაც არ არის ძალიან მაღალი. მარტო ზუგდიდის გუბერნატორი რომ ავიღოთ, ზუგდიდიდან უშგულში ასვლა ერთ დღეში არის დაახლოებით 400 კილომეტრი, თბილისში ჩამოსვლა გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორებისთვის 700-800 კილომეტრია და ასე პრემიერ-მინისტრ ბახტაძის დავალება რაც არის, ესწრებიან მთავრობის სხდომას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

აიდიეფაი ასკვნის, რომ 2017-2018 წლებში სახელმწიფო გუბერნატორების მაგალითზე განხილული საწვავის მოხმარების პრაქტიკა, რაც გამოიხატება ცალკეულ შემთხვევებში არაგონივრულად მაღალი ოდენობის საწვავის ათვისებაში, ცალსახად მიუთითებს კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების აუცილებლობაზე. კერძოდ, მიზანშეწონილია, შესაბამისი ტექნოლოგიური სისტემის დანერგვით გამკაცრდეს სამსახურებრივი ავტომობილებით არამიზნობრივი გადაადგილების მონიტორინგი და ყველა ავტომობილზე დაინერგოს საწვავის მოხმარების აღრიცხვის სისტემა – ე.წ. ჩიპი.