ვიდეომასალა - ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დამატებითი ძალები შეყავთ

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე დამატებითი ძალების მობილიზება გრძელდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის მიერ, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია ერთი პირი, ხოლო დანარჩენი პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სპეციალური ოპერაცია.

სუს-ის წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები.

„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად, სუს-ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ერთი თანამშრომელი დაიჭრა. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია. მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, – აცხადებენ სუს-ში.

მათივე ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, განხორციელდა ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.