ვიდეოეჩანაწერების შესწავლა ადასტურებს, რომ შიმპანზეებს ადამიანის სიტყვების წარმოთქმა თავისუფლად შეუძლიათ – #1tvმეცნიერება
15:19, 07.08.2024
ძველი ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ამბობს ტყვეობაში მყოფი შიმპანზე სიტყვა „მამას“, მიუთითებს, რომ ჩვენს უახლოეს ნათესავებს ლაპარაკისთვის აუცილებელი ნერვული საშენი მასალა აქვთ.
უკვე ათწლეულებია, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პრიმატების თავის ტვინს შორის სხვაობები ხსნის იმას, რატომ შეუძლიათ მხოლოდ ადამიანებს მნიშვნელობის მქონე ბგერების ჩამოყალიბება. თუმცა, საჯაროდ ხელმისაწვდომ ვიდეოებზე ასახული, სახლში გადაღებული ორი შიმპანზესა და 1960-იანი წლების კინოქრონიკის შესწავლისას, შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის ფონეტიკოსი და კოგნიტური მეცნიერი აქსელ ეკსტრომი და მისი კოლეგები ფიქრობენ, რომ ეს მოსაზრება შეიძლება ცრუ წინაპირობას ეფუძნებოდეს.
„სავარაუდო ნაკლული რგოლი, რომელიც გამორიცხავს შიმპანზეებში ყბა-ხმის ნებაყოფლობით შეწყვილებას — აშკარაა, რომ საერთოდ არ არსებობს“, — წერენ მკვლევრები.
საჯაროდ ხელმისაწვდომ ძველ ვიდეოებში ძებნისას, ეკსტრომმა და მისმა ჯგუფმა იპოვა ორი ერთმანეთისგან უცხო შიმპანზე ორ სხვადასხვა კონტინენტზე, რომლებიც სიტყვა „მამას“ წარმოთქვამენ, რაც სავარაუდოდ, ინგლისურენოვანმა მომვლელებმა ასწავლეს.
„ირწმუნებიან, რომ „მამა“ (დედა) შეიძლება ადამიანის მეტყველებაში გამოჩენილ პირველ სიტყვებს შორის ყოფილიყო“, — განმარტავენ მკვლევრები.
ბგერა „მ“ ადამიანის ყველა ენაში გვხვდება და ხშირად ერთ-ერთი პირველი ბგერაა, რომელსაც ბავშვები წარმოთქვამენ; შესაბამისად, ჩვენთვის საკმაოდ ადვილად წარმოსათქმელია.
წინა კვლევასთან ერთად, რომელშიც ეკსტრომმა შეისწავლა 1960-იან სატელევიზიო ფილმებში მესამე შიმპანზეს მიერ წარმოთქმული სიტყვები „პაპა“ და „ქაფ“ — შედეგები მიუთითებს, რომ შიმპანზეს თავის ტვინს შეუძლია განზრახ გაიმეოროს მის მიერ გაგონილი სულ მცირე ზოგიერთი ბგერა.
„შედეგები ადასტურებს სულ უფრო მზარდ მტკიცებულებებს, რომ ადამიანის მსგავს მაიმუნებს ვოკალური წარმოების სწავლა შეუძლიათ“, — წერენ მკვლევრები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ნევროლოგიური აუდიოვოკალური სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად ასევე განვითარდა მგალობელ ფრინველებში — იმაზე გაცილებით ძველი უნდა იყოს, ვიდრე გვგონია. პრიმატების ჩვენს ხაზს მილიონობით წლის წინ ჰყავდა ბოლო საერთო წინაპარი შიმპანზეებთან.
ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს შიმპანზე, სახელად ჯონი ფლორიდის პრიმატების ნაკრძალიდან.
„ჯონი ყველას მამას ეძახდა. იცოდა, რომ „მამას“ (დედა) დაძახებით, ის მიიღებდა ნებისმიერ რამეს, რაც მას საკუთარი კვების რაციონიდან სურდა“, — ამბობს ვიდეოს მფლობელი.
მიუხედავად იმისა, რომ ველურ ბუნებაში ერთმანეთთან კომუნიკაციაში შიმპანზეები უპირატესობას ჟესტებს უფრო ანიჭებენ, ვიდრე ბგერებს, მაინც იყენებენ სხვადასხვა სახის ვოკალიზაციას. ამას გარდა, მათი ჟესტებზე დაფუძნებული ენა სტრუქტურულად ისეთივეა, როგორიც ჩვენი ვოკალური ენა. ცნობილია, რომ გიბონები სხვადასხვა მნიშვნელობის ოცზე მეტ სხვადასხვა ბგერას წარმოთქვამენ.
პრიმატების მეტყველების წინა ცნობები უკუაგდეს, რადგან არ არსებობდა „მკაცრი ანალიზი“, მაგრამ როგორც ეკსტრომის ჯგუფი ირწმუნება, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ მტკიცებულებათა არარსებობა სულაც არაა იგივე, რაც არარსებობის მტკიცებულება. მათ მიაჩნიათ, რომ ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩაიდო ძლიერ საეჭვო ეთიკის კლასიკურ კვლევებში, რამაც სავარაუდოდ შეცვალა შედეგებიც.
50 წლის წინ, ადამიანის მსგავს მაიმუნთა ენის სახელგანთქმულ პროექტში ჩართული ცხოველები არაბუნებრივ პირობებში იმყოფებოდნენ, მათ შორის სოციალურ იზოლაციასა და უპატივცემულობაში; ხშირად ტრავმულად აცილებდნენ შვილებს დედებს. ეს კი ამ სოციალურ უაღრესად ჭკვიან პრიმატებს საკუთარ შესაძლებლობათა სამართლიანად წარმოჩენის საშუალებას არ მისცემდა.
„ადამიანის მსგავს მაიმუნებს ადამიანთა სიტყვების წარმოთქმა შეუძლიათ. ნახევარი საუკუნის წინ ამის წარმოჩენის წარუმატებლობა მკვლევართა შეცდომა იყო და არა ცხოველების“, — ასკვნიან ეკსტრომი და მისი კოლეგები.