ვენეციის კომისია პოლონეთში მიღებულ კანონს აკრიტიკებს, რომელიც „რუსული გავლენების გამოძიებისკენ“ არის მიმართული
ვენეციის კომისია პოლონეთში მიღებულ კანონს აკრიტიკებს, რომელიც „რუსული გავლენების გამოძიებისკენ“ არის მიმართული

ვენეციის კომისია პოლონეთში მიღებულ კანონს აკრიტიკებს, რომელიც „რუსული გავლენების გამოძიებისკენ“ არის მიმართული. ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ ვარშავამ რაც შეიძლება მალე გააუქმოს „რუსული გავლენის გამოძიების საკითხებზე სახელმწიფო კომისიის შესახებ“ კანონი.

კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ პოლონეთის ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც უცხო ქვეყნების არამართლზომიერი გავლენის წინააღმდეგაა მიმართული, სრულიად ლეგიტიმურ ხასიათს ატარებს, თუმცა ვენეციის კომისია კვლავაც მიიჩნევს, რომ მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობა არ არის დამტკიცებული.

ამასთან, ვენეციის კომისია განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ კანონის გამოყენება ძალიან ფართოდ არის შესაძლებელი, რაც, მათივე თვალსაზრისით, მრავალი ადამიანის პროცესუალური და მატერიალური უფლებების დარღვევის წინაპირობას აჩენს.

ვენეციის კომისიაში მიიჩნევენ, რომ „აღნიშნული კანონი შეიძლება, იოლად იქცეს უმრავლესობის ხელში არსებულ ინსტრუმენტად პოლიტიკური ოპონენტების მოსაცილებლად, რადგანაც პოლონეთში დაგეგმილი არჩევნების წინ სახელმწიფო კომისიას შეეძლება, დაინტერესდეს ნებისმიერი კანდიდატით, რაც მის „სტიგმატიზაციას“ ან არჩევნებიდან მოხსნასაც კი გამოიწვევს“.

ცნობისთვის, პოლონეთის პრეზიდენტმა მაისის ბოლოს მოაწერა ხელი კანონპროექტს, რომელიც მიზნად რუსული გავლენის შესწავლისთვის სახელმწიფო კომისიის შექმნას ისახავს, თუმცა, ასევე განაცხადა, რომ კანონში შესწორებების შეტანის ინიციატივით გამოდის. აღნიშნულმა კანონპროექტმა აშშ-ის და ევროკავშირის კრიტიკა გამოიწვია. პოლონური ოპოზიცია, უპირველეს ყოვლისა, პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ და მისი ლიდერი დონალდ ტუსკი, ამბობენ, რომ ხელისუფლების ინიციატივა მათ წინააღმდეგ არის მიმართული.