დაახლოებით იმ პერიოდში, როცა ადამიანის პირველი წინაპრები (Homo) დედამიწაზე დააბიჯებდნენ, ირმის ნახტომის უახლოესი მეზობელი გალაქტიკიდან, ანდრომედადან ჩვენი პლანეტისკენ 2,5 მილიონ წლიანი მოგზაურობა დაიწყო სინათლემ, რომელსაც დღეს თქვენ ამ ფოტოზე ხედავთ.
Homo არის გვარი, რომელიც თანამედროვე ადამიანებსაც მოიცავს. მისი ასაკი დაახლოებით 1,5-2,5 მილიონი წელია. ანდრომედას გალაქტიკა დედამიწიდან დაშორებულია 2,5 მილიონი სინათლის წლით. ამ დროში, რამდენიც მისგან წამოსულ სინათლეს ჩვენამდე მოსაღწევად დასჭირდა, ქვის იარაღების აღჭურვილი ადამიანები მეტისმეტად განვითარდნენ. შევქმენით ყველა საჭირო ტექნოლოგია მძლავრი ტელესკოპების ასაგებად, რაც ჩვენ დაკვირვების, კვლევისა და სამყაროს სასწაულების გადაღების საშუალებას გვაძლევს.
ანდრომედას გალაქტიკას ეს ფოტო პორტუგალიელმა პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, ავტორმა და სამეცნიერო კომუნიკატორმა, მიგელ კლარომ გადაუღო.
მიუხედავად ასტრონომიული მანძილისა, ანდრომედა ირმის ნახტომის უახლოესი მეზობელი სპირალური გალაქტიკაა. მისი დიამეტრი დაახლოებით 220 000 სინათლის წელია და უდიდესი გალაქტიკაა ადგილობრივ ჯგუფში, რომელიც აერთიანებს გრავიტაციულად ერთმანეთთან დაკავშირებულ გალაქტიკათა ჯგუფს. ადგილობრივ ჯგუფში შედის ირმის ნახტომიც. გარდა ამისა, მისი წევრის სამკუთხედის გალაქტიკა და 30-მდე სხვა პატარა გალაქტიკა.
მრავალფერ კადრში ჩანს ვარსკვლავების ზღვაში ჩაძირული ანდრომედას მკლავები და ბირთვი. გალაქტიკას გარშემორტყმული ვარსკვლავები სინამდვილეში ირმის ნახტომს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ხილული სინათლის ფოტოებზე ანდრომედას სპირალური ფორმა ჩანს, ულტრაიისფერ ფოტოებზე გალაქტიკური მკლავები უფრო რგოლების სახით მოჩანს. ასტრონომებს სჯერათ, რომ ეს რგოლისებრი იერსახე გალაქტიკური შეჯახების შედეგია. კერძოდ, დაახლოებით 200 მილიონი წლის წინ, ანდრომედას შეეჯახა პატარა მეზობელი ელიფსური გალაქტიკა M32. ეს უკანასკნელი კაშკაშა წრიული, დიფუზიური ფორმით მოჩანს ანდრომედას ბირთვის მარცხენა მხარეს. გარდა ამისა, ანდრომედას ქვემოთ ასევე ჩანს მისი თანამგზავრი, ჯუჯა ელიფსური გალაქტიკა M110.
მიგელ კლარომ ანდრომედას გალაქტიკის ფოტო გადაიღო Takahashi FSQ-106ED-ის რეფრაქტორი ტელესკოპითა და Nikon D810a DSLR-ის ასტროფოტოგრაფიული კამერით. საბოლოო კომპოზიტი აერთიანებს 89 წუთის განმავლობაში გადაღებულ 38 კადრს. დამუშავებულია PixInsight 1.8-სა და Adobe Photoshop CC-ში.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.