თბილისში, ვარკეთილში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად 9 წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ბავშვის მშობლებიც მოიწამლნენ და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა. მეზობლები ყვებიან, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს ბავშვი უკვე გარდაცვლილი დახვდა. არსებული ინფორმაციით, ბინაში ღია კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული, რომელიც აკრძალულია.
მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების,
დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.