„ყაზტრანსგაზ თბილისი“ - გასულ კვირას CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, გასულ კვირას CO-თი ათამდე ბინის მეპატრონე, მათ შორის ბავშვები მოიწამლნენ.

კომპანია ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელიც, მათივე ინფორმაციით, სამგორის რაიონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაშია გადაღებული, სადაც ოჯახში ღია კამერიან აკრძალულ წყალგამაცხელებელს მოიხმარდნენ. კადრებში ჩანს საკვამლე მილი, რომელშიც ჩიტის ბუდეა გაკეთებული.

„ოჯახის წევრები სასწაულად გადაურჩნენ CO-ს ინტოქსიკაციას, რაც საშიშია ჯანმრთელობისთვის და კლავს. შემოწმებისას „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა აკრძალული წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მფლობელი გააფრთხილეს, რომ სასწრაფოდ ჩაანაცვლოს საშიში დანადგარი დახურული წვის კამერიანი წყალგამაცხელებლით.

ბინის მეპატრონეების დაუდევრობით გასულ კვირაში თბილისში CO-თი, ათამდე ადამიანი მოიწამლა. ყველა მათგანი აკრძალულ და საშიშ ღია კამერიან გაზგამათბობელს ან წყალგამაცხელებელს მოიხმარდა, რომლებიც უკვე ჩაჭრეს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა. მოწამლულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები და გაზგამათბობლები, რომლებიც ძალიან საშიშია და კლავს. ჩაანაცვლეთ ისინი დახურულ კამერიანი გაზდანადგარებით“,- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დატოვე კომენტარი