„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს
„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ერთხელ უკვე ჩაუხსნეს

„თბილისი ენერჯიში“ აცხადებენ, რომ ბინაში, სადაც გაზის ნამწვით ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო მეორე მოიწამლა, მობინადრეს აკრძალული დანადგარები ივნისის თვეში ერთხელ უკვე ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ მან ხელმეორედ, კუსტარულად დააერთა.

მათივე ინფორმაციით, ბინაში სამი აკრძალული, ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებელი გამწოვი მილის გარეშე იყო დამონტაჟებული და გაზის ნამწვი (CO) ბინაში გროვდებოდა.

თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიხეილ მესხის ქუჩაზე შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბუნებრივი აირის ნამწვით 33 წლის გოგო დაიღუპა, მისი 22 წლის ძმა კი მოიწამლა. არსებული ინფორმაციით, ბინა გაქირავებული იყო.

„თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემებით, ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები.

„მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.