"ვარკეთილის" მეტროში  დაშავებული 14 ადამიანიდან კლინიკებში ცხრა პაციენტი რჩება
"ვარკეთილის" მეტროში დაშავებული 14 ადამიანიდან კლინიკებში ცხრა პაციენტი რჩება

“ვარკეთილის” მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 14 დაშავებული მოქალაქიდან კლინიკებში ამჟამად ცხრა პაციენტი რჩება.

“შავი ზღვის” კლინიკაში ამჟამად ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ერთმა დაშავებულმა გუშინ ღამით მიმართა კლინიკას. პაციენტს თავის ტკივილები აღენიშნებოდა. სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ დღესვე  გაწერენ სახლში.

“შემთხვევის ადგილიდან მოყვანილი იყო ხუთი დაშავებული, საღამოთი მოგვმართა კიდევ ერთმა დაშავებულმა, რომელსაც აღენიშნებოდა თავის ტკივილები. ერთის პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმე იყო, ლავიწის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა და გაუკეთდა ოპერაცია.  სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი  ბინაზე გაეწერებიან”, – განაცხადა კლინიკის ექიმმა არჩილ ჯოგიაშვილმა.

ინგოროყვას კლინიკაში ამ დროისთვის სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. ორ პაციენტს კიდურის მოტეხილობის გამო ოპერაცია ჩაუტარდა. კლინიკის დირექტორის, კონსტანტინე მუმლაძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად, 14 ადამიანი დაშავდა. მომხდარის გამო, შეფერხდა მეტროსადგურის მუშაობაც. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა ჭერის იმ ნაწილის დემონტაჟიც, რომელსაც შესაძლოა, მგზავრებისთვის დამატებითი პრობლემები შეექმნა. დილიდან მეტროსადგური მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.