ვანო ზარდიაშვილი - გიორგი მარგველაშვილი უკვე სამოქალაქო სექტორთანაც ვერ ალაგებს ურთიერთობას
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთი წლის განმავლობაში არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატთან მიმართებაში ვერაფერი გააკეთა, არამედ ვერაფერი გააკეთა სწორად და ნორმალურად ზოგადად ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.
როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტმა ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაც დაასახელოს.
„მან ვერ მოახერხა ვერც პარლამენტთან საერთო ენის გამონახვა, ვერც მთავრობასთან საერთო ენის გამოხატვა. მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლო წლებშიც უკვე ვხედვათ, რომ უკვე სამოქალაქო სექტორთანაც ვერ ალაგებს ურთიერთობას. ერთადერთი შეიძლება ხუმრობით ვთქვათ, რომ გიორგი მარგველაშვილი არის საია-ს საყვარელი პრეზიდენტი და შეიძლება, გადავიდეს საია-ს ხელმძღვანელად ვადის ამოწურვის შემდეგ“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, კონსენსუსი ვერ შედგა. ამის გარეშე კი, კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“.
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართული შეხვედრის შემდეგ აღინიშნა , რომ პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.