საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს
საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს სავარაუდოდ აღარ წარადგენს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, კონსენსუსი ვერ შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

„საქართველოს პრეზიდენტს სურდა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე ფართო კონსენსუსი შემდგარიყო. ეს საჭირო იყო იმისათვის, რომ კანდიდატურას დამტკიცების შანსი ჰქონოდა. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნება“ ღიად აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა კონსულტაციებში მონაწილეობას. ანუ ერთადერთი შესაძლებლობა, კანდიდატურა საქართველოს პარლამენტს დაემტკიცებინა, იყო ფართო კონსენსუსი. სამწუხაროდ, ეს ფართო კონსენსუსი ვერ მოხდა. მის გარეშე ფაქტია, რომ კანდიდატურის დასახელება იქნებოდა „დასახელება დასახელებისთვის“, „კანდიდატურა კანდიდატურისთვის“ და არა შედეგზე ორიენტირებული.

მინდა, შეგახსენოთ, რომ დღესაც საქართველოს პარლამენტში წარდგენილია მოსამართლეობის რამდენიმე კანდიდატი, რომელსაც საქართველოს პარლამენტი არც კი განიხილავს. ასე რომ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კონსენსუსი ვერ შედგა“, – განაცხადა აბაშიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა  მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. ამის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით კონსულტაციები დაიწყო. კონსულტაციების შეჯამების მიზნით კი, რამდენიმე დღის წინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ განაცხადა, პრეზიდენტს ჰქონდა შეთავაზება იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობისადმი, რომ დაესახელებინათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა ამ ფორმატზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.