გიორგი მარგველაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომამ სასამართლო სისტემის პრობლემები განსაკუთრებით გააშიშვლა
გიორგი მარგველაშვილი - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომამ სასამართლო სისტემის პრობლემები განსაკუთრებით გააშიშვლა

სასამართლო სისტემაში არსებული სირთულეები და პრობლემა განსაკუთრებით გაშიშვლდა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თანამდებობიდან გადადგა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ახალი კანდიდატურის შესარჩევად მიმდინარე კონსულტაციების შეჯამების მიზნით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„გადადგომა თავისთავად სირთულე და პრობლემა არ არის, მაგრამ არსებობდა ფონი, სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის ზეწოლის მსხვერპლია. ეს ფონი ბუნებრივია, ამ ფაქტის მიმართ გულგრილად ვერ დაგვტოვებს“,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის აზრით, სწორედ ამ ფონის ნაწილია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც უახლოეს ხანში შევა ძალაში.

„აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს აღარ ექნება შესაძლებლობა, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაუსახელოს. ეს ფუნქცია იუსტიციის საბჭოზე გადადის. ამ ვითარების გათვალისწინებით, შეგკრიბეთ მართლმსაჯულებაზე მომუშავე ადამიანები, გამოჩენილი იურისტები, რათა კანდიდატურაზე ერთობლივად ჩამოვყალიბდეთ. მინდა, ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ შეხედულება ერთ კანდიდატურაზე, რომელიც იქნება მაღალი კვალიფიკაციის, მაღალი ზნეობის და განახორციელებს რეფორმას ამ ურთულეს სისტემაში“,-მიმართა მარგველაშვილმა დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს.

ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასურველია, კანდიდატურის შერჩევა სრული ღიაობით წარიმართოს.

„თავიდან ბოლომდე მინდა, გამოვრიცხო ქართული სასამართლოს ერთ-ერთი პრობლემური შემადგენელი, ეს არის მისი პოლიტიკური ან კლანობრივი აფილაცია. იმედი მაქვს, შევძლებთ, ჩამოვყალიბდეთ იმ მეთოდებზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროს რეფორმატორი კანდიდატი შეარჩიოს“, – განაცხდა გიორგი მარგველაშვილმა.

ნინო გვენეტაძემ თანამდებობა 2 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად კონსულტაციები დაიწყო.