ვანო გრიქუროვი - კახი კახიაშვილი იყო ერთადერთი ბავშვი, ვისაც ვარჯიშის დაწყებიდან ერთ კვირაში ვუთხარი, ოლიმპიური ჩემპიონი გახდები-მეთქი [ვიდეო] #1TVSPORT
ვანო გრიქუროვი - კახი კახიაშვილი იყო ერთადერთი ბავშვი, ვისაც ვარჯიშის დაწყებიდან ერთ კვირაში ვუთხარი, ოლიმპიური ჩემპიონი გახდები-მეთქი [ვიდეო] #1TVSPORT

ვანო გრიქუროვი – მწვრთნელი რომლის სამწვრთნელო კარიერა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლიდა და ის იყო მწვრთნელი, რომლის შეგირდებმა ოლიმპიური ოქროს მედლები სამი სხვადასხვა ქვეყნის – საქართველოს, საბერძნეთისა და პოლონეთის სახელით მოიპოვეს.

ამბობდა კიდეც, იმ ასობით სპორტსმენიდან ვისაც თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე ვავარჯიშებდი ჩემს ვარსკვლავებად ოთხნი იქცნენ, ჩემი ცხოვრება კი იქცა გზად რომელმაც ვარსკვლავებთან ერთად ვარსკვლავებამდე მიმიყვანაო.

 

ბარსელონა 1992

მისი პირველი ვარსკვლავი კახი კახიაშვილი იყო. მან თურმე პირველივე ვარჯიშზე გააკვირვა, კახი სხვებისგან ძალიან განსხვავდებოდა და მისდამი ინტერესს ვანო გრიქუროვი თურმე ასმაგად აფიქსირებდა.

„კახის თვალებში, რომ ჩავხედე ის სხივი დავინახე, რომელიც მის ბუნებრივად დადებით ბევრ თვისებებზე მეტყველებდა. მართალი ბავშვი იყო, ტყუილი არ იცოდა. მისთვის ერთხელ ნათქვამიც საკმარისი იყო. ჭკვიან მზერას მისებურად, რომ შემომანათებდა ვგრძნობდი, რომ მეც უკეთესი უნდა ვყოფილიყავი.

შტანგის აწევის ტექნიკა, ფაქტობრივად, სამ დღეში აითვისა. კახი იყო ერთადერთი ბავშვი ვისაც ვარჯიშის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ ვუთხარი – ოლიმპიური ჩემპიონი გახდები-მეთქი“, – იხსენებდა ვანო გრიქუროვი.

„ეს ბედნიერი დღე 1992 წლის 1 აგვისტო იყო. ოქროს მედალი, რომ მოგვეგო სასწაული უნდა მოგვეხდინა და 235 კგ. დაგვეძლია. ეს წონა ოლიმპიურ რეკორდს 110 კგ-ით აჭარბებდა.

ჩემს წინ იდგა 23 წლის ახალგაზრდა, რომელიც ასეთი დონის შეჯიბრებისთვის სრულიად გამოუცდელი იყო და მას ფიცარნაგზე უმძიმესი გამოცდა ელოდა. სტეფანიჩ, ხომ კარგად დათვალე, იქნებ კიდევ ერთხელ გადაამოწმო – ეს წონა ჩემპიონობისთვის საკმარისიაო? – მკითხა.

გადამოწმება საჭირო არ არის, მოემზადე – ეს ჩემი პასუხი იყო.

ის მზად არის. მე ჩურჩულით ვეუბნები – კახი ამ წუთებში ცხინვალში ომია, შენი მშობლები სარდაფში სხედან და რადიოს არიან მიკრულნი. შენს გამოსვლას ელოდებიან და ამ გამარჯვებით ტყვიების ზუზუნით გატანჯული და გაჭირვებული ხალხი უნდა გაახარო-მეთქი.

თვალებში ნაპერწკალი აენთო, ჟრუანტელმა დაუარა, წამოხტა და ფიცარნაგისკენ გაეშურა. მიდის კახი და უკან მე ალეექსევთან ერთად მივყვები, ოდნავ მოშორებით დელეგაციის სხვა წევრები მოდიან და მესმის მათი ჩურჩული – თუ წონა მუხლამდე მაინც აიტანა ესეც დიდი წარმატება იქნებაო. სასწაულის დაფიქსირების არავის სჯეროდა…

სასწაული რომლისთვისაც 11 წელი ვემზადებოდი უკვე ასრულდა. ბარსელონის ოლიმპიადის ტრიუმფის ფოტო დღესაც ჩემი სამაგიდო სურათია. ყოველდღე, როდესაც გამარჯვებულ კახის და მის ჩრდილში მდგარ ტრიუმფით აღფრთოვანებულ საკუთარ თავს ვუცქერ, წამიერად უკვდავი ფრაზა – „შეჩერდი წამო შენ მშვენიერი ხარ“- გამიელვებს ხოლმე.

 

ათენი 2004

„1992 წლის შემოდგომაა. ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე კახის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, ქართული ძალოსნობა, რომელიც ბოლო წლებში სულს ღაფავდა გაცოცხლდა და ახალი იმედი გაჩნდა. მაშინ ჩემი ყურადღება ერთმა შავგვრემანმა ბიჭმა მიიქცია. ბავშვობაში იდაყვი ჰქონია დაზიანებული და შტანგას ცოტა დაგრეხილად სწევდა, მაგრამ მის შავ თვალებში ღრმად, რომ ჩავიხედე სანაცვლოდ ზღვა ენერგია და მონდომების უსაზღვრო სურვილი მივიღე.

მწვრთნელებმა გამაფრთხილეს, ამ ბიჭისგან არაფერი გამოვაო, მაგრამ მე ჩემმა ინტუიციამ სულ სხვა რაღაც მიკარნახა. მის დაუოკებელ სურვილებს რომ ვხედავდი, ჩემი ბავშვობა მახსენდებოდა – საკუთარი „მინდას“ მეტი არაფერი გამაჩნდა და დამხმარეც არავინ მყავდა. ამჯერად კი, თავად შემეძლო ამ ბიჭისთვის დახმარების ხელი გემეწვდინა.

ეს ყველასგან დაწუნებული ბიჭი ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების მომავალი ჩემპიონი გიორგი ასანიძე იყო.

ათენის ფიცარნაგზე გიორგი იდგა და ემზადებოდა, რომ სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი პიროს დიმასი საკუთარ სამსობლოსი დაემარცხებინა. მე და გიორგი გასახურებელი დარბაზის სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, მონიტორს აღარ ვუყურებ და მხოლოდ დარბაზის რეაქციას ველოდები. დრო ძალიან ნელა გადის და უცებ ამ სამარისებურ სიჩუმეში დავარდნილმა შტანგამ, დარბაზში კი ოვაციების ქარიშხალმა იქუხა. მე და გიორგი ერთმანეთისკენ გავექანეთ. სიხარულის ემოციისგან მინდოდა ხელში ამეყვანა მაგრამ გიორგიმ დამასწრო და ჰაერში ამისროლა. ბედნიერების წამებია. არსენ კასაბიევი და ზურაბ კახაბრიშვილი სიხარულით ხტიან და გვეხვევიან

დაუვიწყარი იყო საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავისუფლების მოედანზე მოწყობილი გრანდიოზული შეხვედრა, ამდენი ხალხი ერთდროულად არასდროს მინახავს და ამ ზღვა ხალხის სიხარულის ემოციას საზღვარი არ ჰქონდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ყველაზე დიდი ჯილდო არა ოქროს მედალი, არამედ ხალხის პატივისცემა და სიყვარულია. ტრიბუნაზე ბედნიერი ვიდექი და ვფიქრობდი, რომ ქვეყნად ტყუილად არ მიცხოვრია“.

 

პოლონეთი

„ქალაქ ჩეხანოვოში, სადაც ატლანტის ოლიმპიური თამაშების შემდეგ დავიდე ბინა, ოლიმპიური ცენტრი დაარსდა და მთავარ მწვრთნელად დამამტკიცეს, პარალელურად პოლონეთის იუნიორ ძალოსანთა ნაკრების თავკაცად ვმოღვაწეობდი, სადაც ყველაზე ძალიან 15 წლის, პატარა ბიჭი შიმონ კოლეცკი მახარებდა. ის ჯგუფში ყველაზე უმცროსი იყო, სამაგიეროდ ერთადერთი გახლდათ ვის თვალებშიც და გულშიც ცეცხლი ერთნაირად ენთო, მწვერვალების დაპყრობას ცდილობდა და ეტყობოდა, რომ მიზნების მისაღწევად არაფერს დაიშურებდა.

გიორგი ასანიძეს ის პირველივე დღიდან დაუმეგობრდა და მისთვის ბევრად უფროსი გიორგი არათუ ვარჯიშზე, არამედ ცხოვრებაშიც მაგალითად იქცა. რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ ურთიერთობას მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ იმ უხილავმა ძაფმა რომელიც კახის და გიორგის აკავშირებდა, ამჯერად უკვე გიორგი და შიმონი შეკრა.

დღესაც არ ვიცი, როგორ მოხდა, რომ იმ ოცი ბავშვიდან ვისაც პოლონეთში ვავარჯიშებდი, მეტოქე მაინცდამაინც კახისთვის გავზარდე. ეს ყველაფერი დაგეგმილად არ გაკეთებულა თუმცა ვხვდებოდი, რომ ესეც განგების ნება გახლდათ. ყველაზე შთამბეჭდავი კი მომდევნო ორი ოლიმპიადის შედეგი იყო. სიდნეის და პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე ერთი და იმავე წონით კატეგორიაში ოქროს და ვერცხლის მედლები ჯერ კახიმ და შიმონმა მოიპოვეს, შემდეგ კი შიმონმა და არსენმა და აბა მითხარით, ძალოსნობის ისტორიაში ასეთი შედეგით კიდევ რომელი მწვრთნელი დაიკვეხნის“.

 

ზარი ცხინვალიდან

„2001 წლის ზაფხული მახსენდება. აგვისტოს ბოლო დღებია და ჩვენც ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. ცხინვალიდან ჩემი მწვრთნელის გრიშა კოჩიევის შვილი ალანი მირეკავს – სტეფანიჩ რაღაც მინდა გთხოვოთ და იქნებ, ამ თხოვნისას თქვენი ცხინვალი გაიხსენოთო. თხოვნა რად მინდა, დღე არ არის საკუთარ თავთან ცხინვალზე არ ვისაუბრო-მეთქი.

სტეფანიჩ, აქ ერთი ძალიან მაგარი ბიჭია, მამაჩემის დისშვილი – არსენ კასაბიევი. 14 წლისაა, ამ გარემოში უბრალოდ დაიღუპება და თუ შეიძლება შენთან ცოტა ხნით მაინც ივარჯიშოსო. ჩემს მწვრთნელს არათუ ჩემზე, არამედ მთელ ჩემს ოჯახზე იმდენი ამაგი ჰქონდა, რომ უარი როგორ უნდა მეთქვა. დავთანხმდი, მაგრამ ამავდროულად უდიდეს რისკზე წავედი, რადგან არ ვიცნობდი ბავშვს, არ ვიცოდი ვინ იყო. ეს იყო ომში, სიბოროტეში და სიძულვილში გაზრდილი ბიჭი და ვშიშობდი, როგორი იქნებოდა გარემოსთან მისი შეგუების ეტაპები.

არსენ კასაბიევისა და ჩემი შეხვედრა ვარშავის აეროპორტში შედგა. მანქანით მოვდივართ და თან ვესაუბრები. მსურს ლაპარაკში ავიყოლიო და მისი ადამიანური თვისებები შევაფასო. პირველი შთაბეჭდილებით ის სიტყვაძუნწი და გულჩათხრობილი ბიჭია…

პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, რომ არა ომის ფაქტორი, დარწმუნებული ვარ, არსენი ჩემპიონი გახდებოდა. ძალოსნობაში დოპინგ-სინჯები ათი წლის მანძილზე ინახება და შემდეგ ის გაუმჯობესებული მეთოდით ისინჯება. ამჯერადაც ასე მოხდა. გადასინჯვის შემდეგ ილინს და აკაევს მედლები ჩამოართვეს და სანაცვლოდ შიმონ კოლეცკის ოქროს, ხოლო არსენ კასაბიევს ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. სამართალი გვიან მაგრამ მაინც აღდგა და სიდნეის მსგავსად პეკინის ოლიმპიურ თამაშებზეც ორი მედალი ჩემმა სპორტსმენებმა მოიპოვეს“.

 

ვანო გრიქუროვის ფსიქოლოგია

„როდესაც ჩემპიონთან მუშაობ, პირველ რიგში თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი უნდა აღზარდო, რადგან მას სწორედ თავისუფლების ხარჯზე შეუძლია გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ნიშნავს, არ ხარ მონური სულისკვეთებით შეპყრობილი და გაქვს საკუთარი თავის იმედი. ჩემპიონის მწვრთნელს კიდევ ერთი რამ უნდა ახსოვდეს – მთავარი მაინც სპორტსმენია და გაჩირაღდნებულ დარბაზში სწორედ მისი გამარჯვების აღსანიშნავად ჟღერს ქვეყნის ჰიმნი.

ჰიმნი – რომელიც უკვე გამარჯვების სიმფონიაა, ამ სიმფონის ავტორი და დირიჟორი კი იქვე ჩრდილში მდგომი მწვრთნელია. ჩემთვის ჩემი ვარსკვლავების ჩრდილში ყოფნა მუდამ ბედნიერების მომტანი იყო“.

ლეგენდარული მწვრთნელი ვანო გრიქუროვი 2021 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა, მას 25 ნოემბერს 71 წელი შეუსრულდა.

დატოვე კომენტარი