ვანო ფოცხვერია - საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბიჭია #1TVSPORT
ვანო ფოცხვერია - საქართველოში ბევრი ნიჭიერი ბიჭია #1TVSPORT

ივანე (ვანო) ფოცხვერია ბოლნისის „სიონის“ ნახევარმცველია. დაიბადა და ვარჯიშობდა უკრაინაში, მაგრამ ომმა მისი ოჯახი აიძულა, რომ ქვეყანა დაეტოვებინათ და საქართველოში გაიზარდა.

ეს ისტორია გულშემატკივარმა ნაწილობრივ კარგად იცის, რადგან ბოლნისის „სიონის“ 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიხეილ ფოცხვერიას ვაჟია – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის, რომელიც დღემდე პატრიოტიზმისა და უანგარობის მაგალითად რჩება. უცხოეთში გადახვეწილმა და ქართულის არმცოდნე დონეცკის „შახტარის“ თავდამსხმელმა არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა და ამით კლუბში პრობლემები შეიქმნა, მაგრამ არჩევანი მაინც არ შეცვალა.

ვანო ფოცხვერიამ პირველად ეროვნულ ლიგაში 17 წლის ასაკში საჩხერეს „ჩიხურაში“ ითამაშა, სადაც 2 სეზონი ჩაატარა და წელს ბოლნისის „სიონში“ ჩაირიცხა. მან ფაქტობრივად 22 მატჩი ჩაატარა, ყველა შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

საკუთარ კარიერაზე, უკრაინაზე, საქართველოზე, მამასა და ბევრ საინტერესო თემაზე ვანო ფოცხვერიამ საქართველოს პირველ არხთან ისაუბრა.

კარიერის დასაწყისი

„კარიერა ლუგანსკის „ზორიას“ საფეხბურთო აკადემიაში დავიწყე. შემდეგ ლუგანსკში ომი დაიწყო, რუსები შევიდნენ და ოჯახს ქალაქის დატოვება და წასვლა მოუხდა. მეც ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ აკადემიაში გადავედი, 12 წლის კი საქართველოს ჩამოვედი“.

უკრაინა-საქართველო

„თავიდან „დინამო თბილისის“ აკადემიაში ვვარჯიშობდი, შემდეგ – ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში. მოგვიანებით, დროებით ისევ უკრაინაში წავედი და 16 წლის ასაკში ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ 19-წლამდელთა გუნდში ვითამაშე, მაგრამ ბოლოს მაინც უკან წამოსვლა ვამჯობინე“.

სათამაშო პრაქტიკა

„საჩხერეს „ჩიხურა“ იყო გუნდი, რომელთანაც პირველი პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. წელს „სიონში“ მიმიწვიეს და მიხარია, რომ ეროვნულ ლიგაში ვარ და სისტემატურად ვთამაშობ. ჩემს ასაკში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მიხარია, რომ გუნდში მენდობიან და მათამაშებენ“.

პირობები იქ უკეთესია

„აქ ბევრი საინტერესო მოთამაშეა, მაგრამ ზოგადად რომ ვუყურებ, უკრაინულ კლუბებს ქართულ კლუბებზე ბევრად უკეთესი პირობები ჰქონდათ. აქ ბევრ სტადიონზე კარგი საფარია, მაგრამ ბევრ კლუბს არ აქვს სათანადო პირობები, მაგალითად, ფიტნეს დარბაზი და ის საჭირო პირობები, რაც აღადგენისა და ფიზიკური გაძლიერებისთვის აუცილებელია“.

უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობ

„უცხოეთში წასვლაზე ვფიქრობ, მინდა, მაგრამ ჯერ არაფერი ვიცი და ჯერ კონკრეტული მიწვევაც არ მქონია, მაგრამ ევროპაში წასვლა და ძალების მოსინჯვა ნამდვილად მინდა. საამისოდ, ნაკრებში თამაში კარგად გეხმარება. მე კი ჯერ მხოლოდ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთი შეკრებაზე ვიყავი მიწვეული. ახლ 21-წლამდელებში თამაში მიწევს და იმედი მაქვს, რომ მიმიწვევენ და მომავალ წელს ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ“.

მამა და მე

„რა ვიცი მამაზე? თითქმის ყველაფერი. მიშა ჩემს კარიერაზე დიდ გავლენას ახდენს, გვერდში მიდგას და იმედი აქვს, რომ ევროპაში წავალ და დიდ ფეხბურთს ვითამაშებ. რჩევებით სულ მეხმარება, ასე იყო პატარაობიდან. მეუბნება, რომ სულ რეჟიმში უნდა იყო და ბოლომდე დაიხარჯოო. მამას უნდა, რომ მასზე უკეთეს დონეზე ვითამაშო და მეც ეს მინდა“.

ერთი ნაბიჯი წინ

„სიონთან“ კონტრაქტი დეკემბრამდე მაკავშირებს. წლევანდელი სეზონი ჩემთვის საკმაოდ ნორმალურად მიდის, ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი და გამოცდილება მივიღე. პირველი გოლი „ლოკომოტივთან“ გავიტანე, რასაც მალე მეორე გოლი დაემატა. ამან ძალიან იმოქმედა და უფრო თავდაჯერებული გავხდი. თუმცა, ჯერ მიწვევა არც უცხოეთიდან მქონია, როგორც გითხარით და არც საქართველოში სხვა გუნდებიდან. თუმცა, ეს ჩემზეა დამოკიდებული“.

ძმები ხორხელები

„უკრანელები და ქართველები? ბურთთან ქართველები ბევრად უკეთ ვართ, ფიზიკურად კი უკრაინელები წინ არიან, მაგრამ საერთოდ, ნიჭით ორი აზრი არ არის, რომ ქართველი ბიჭები უკეთესები არიან. მაგალითად, ჩემი აზრით, „სიონში“ ფეხბურთელებს,  ძმებ ხორხელებს უმაღლეს დონეზე შეუძლიათ თამაში, ძალიან ნიჭიერები და პროფესიონალები არიან და ასე თუ გააგრძელებენ, ბევრს მიაღწევენ“.