ბოლნისის „სიონს“ გიორგი დევდარიანი გაწვრთნის – გამოცდილი სპეციალისტი ახალ გუნდში მუშაობას უკვე შეუდგა.
დევდარიანმა პროფესიული სამწვრთნელო კარიერა 2002 წელს საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ დაიწყო, სადაც 2004 წლის ივლისამდე მუშაობდა. შემდეგ „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელად და აკადემიის ხელმძღვანელად დაინიშნა. მისი გაწვრთნილი ფეხბურთელებიდან ბევრმა სხვადასხვა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
2011 წელს დევდარიანმა თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდი ჩაიბარა, ერთი წლის შემდეგ კი მთავარი გუნდის მწვრთნელად დაინიშნა.
2012-2013 წლებში საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით ქართველმა ჭაბუკებმა ლუქემბურგისა და შოტლანდიის 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები დაამარცხეს და ელიტ-რაუნდში გავიდნენ, სადაც ირლანდიელ თანატოლებს 3:0 მოუგეს, თუმცა შემდეგ სერბეთთან და ავსტრიასთან დამარცხდნენ და ბოლო ადგილი დაიკავეს.
2013 წლის ივნისში გიორგი დევდარიანი გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი გახდა და გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფში გაიყვანა. ამავე წლის ოქტომბერში თანამდებობა დატოვა, ხოლო 2014 წლის აგვისტოდან საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ჩაუდგა სათავეში და გუნდს 2015 წლის ივლისამდე წვრთნიდა. 2015 წლის ივლისში შოთა არველაძე „ტრაბზონსფორის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, დევდარიანი კი მისი თანაშემწე გახდა.
ეროვნულ ლიგა 2-ში დევდარიანის ოფიციალური დებიუტი „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხობის „კოლხეთთან“ შედგება. მანამდე კი მისი ხელმძღვანელობით გუნდმა „სპაერთან“ ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და 2:1 მოიგო – ბოლნისელთაგან თორნიკე კაპანაძემ დუბლი შეასრულა.