ვანის ქვაბები ტურისტებისთვის იკეტება
ვანის ქვაბები ტურისტებისთვის იკეტება

ვანის ქვაბები ვიზიტორებისთვის იკეტება. გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ილიაუნის სპეციალისტების პირველადი დასკვნის საფუძველზე მიიღო. დასკვნის მიხედვით, ძეგლზე გადაადგილება საშიშია, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, დაზიანებული ადგილები ჩამოინგრეს. ქვათაცვენა კლდეში ნაკვეთ კომპლექსში ყოველდღიურად იმატებს.

ილიაუნის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, ცალკეული უბნების ჩამოშლის საშიშროებაა, რადგან კლდეში ნაპრალები წვიმების შემდგომ დაგროვილი ნალექი იყინება, ნაპრალს აფართოებს და ხეთქავს.

სააგენტოს 2019 წელს ძეგლზე კვლევის ჩატარებას გეგმავს, რომელიც განსაზღვრავს მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც, კომპლექსზე სამუშაოები წარიმართება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე პირველ არხთან ძეგლზე დაგეგმილ პროცესებზე საუბრობს.

„ვარძიის კლდის კვლევების შემდგომ, ჩვენ მოგვეცა იმის საშუალება, რომ ტექნიკურად ვანის ქვაბებზე გადმოვწყობილიყავით. პირველადი მონაცემები საგანგაშოა იმ თვალსაზრისით, რომ ქვათა ცვენა არის შეუქცევადი პროცესი. ამიტომ, რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით ის ვიზიტორებისთვის დავკეტეთ და ვანის ქვაბების მონახულება შეიზღუდება. წელს უკვე ფინანსური რესურსი გამოვყავით და მიმდინარეობს კვლევები, რა მდგომარეობაშია ძეგლი. ეს მდგომარეობა აღმოჩნდა საგანგაშო, ამიტომ, ამ მონაცემების, საფუძველზე დროებით შევზღუდავთ ტურისტების მიმოსვლას. გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს, რომ დავიწყოთ საფუძვლიანი კვლევა, რათა დავდოთ კონკრეტული რეცეპტი, რა უნდა განხორციელდეს. ეს სამი სახეობის პრობლემა არის – პირველი ქვათაცვენა, მეორე ჰიდროგეოლოგიური კვლევა, მოხდეს დაკვირვება, როგორ შეიძლება წყლის არიდება კომპლექსზე და არქეოლოგიური კვლევის დაწყება, რათა უფრო კარგად გამოვავლინოთ ის ჩამონგრეული ნაწილი, რაც შუა საუკუნეებში მიწისძვრის დროს ჩამოინგრა“, – აცხადებს ნიკოლოზ ანთიძე.

ვანის ქვაბების უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია რომელიც – ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სამონასტრო ცხოვრება, როგორც ისტორიული წყაროებით დასტურდება, აქ მერვედან მეთექვსმეტე საუკუნის ჩათვლით არსებობდა. კომპლექსი ტერასულად 16 სართულზეა განლაგებული და 200-მდე გამოქვებულისგან შედგება. კომპლექსში შედის 6 ეკლესია. გამოქვაბულთა ბოლო სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კედლებზე შემორჩენილია XV საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ შესრულებული მხედრული წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის, „ვეფხისტყაოსნისა“ და „როსტომიანის“ სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის დონეს. წარწერების დიდი ნაწილი ამ დროისათვის დაზიანებულია.