ნიკოლოზ ანთიძე - წყალტუბოს განვითარების გეგმაში კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იქნება წარმოჩინებული
ნიკოლოზ ანთიძე - წყალტუბოს განვითარების გეგმაში კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იქნება წარმოჩინებული

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა ის მთავარი ღირებულებაა, რაც წყალტუბოს აქვს.

მისივე თქმით, წყალტუბოს განვითარების გეგმის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობა სათანადოდ იქნება  წარმოჩენილი.

„აღნიშნული გულისხმობს, რომ წყალტუბოში შენობებს, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის პოტენციალი აქვთ, სტატუსი მიენიჭებათ. სტატუსის მინიჭების შემდეგ, თამაშის წესები ისეთი იქნება, როგორიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს სჭირდებათ. სააგენტომ 2018 წლის მარტში პირველადი მინაცემების გამოკვლევა ძალიან ზედაპირულად ჩაატარა, ,ზოგ შენობაში ვერ მოვახერხეთ შესვლა. გენგეგმის პარალელურად, სრულფასოვანი, დაფარვითი ინვენტარიზაცია განხორციელდება და იქიდან ამოღებული მასალებით მოხდება ობიექტებისთვის სტატუსის მინიჭება. უახლოეს პერიოდში დაიწყება გენგეგმის შემუშავება. არც ერთი გენგეგმა არ შემუშავებულა, სადაც კულტურულ მემკვიდრეობას არ ჰქონოდა სათანადო როლი. 2018 წლის დასაწყისში დაიწყო პირველადი ინვენტარიზაცია, ხაზს გავუსვამ, ეს იყო ძალიან ზედაპირული, რომ წარმოდგენა გვქონოდა, რაზეა საუბარი“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ სასტუმრო „რედისონში“, სადაც წყალტუბოს განვითარების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 29 ოქტომბერს წერილი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ იწყებს წყალტუბოს განვითარების პროექტს. მისივე თქმით, წყალტუბოს აქვს პოტენციალი, გადაიქცეს რეგიონის ტურიზმის დედაქალაქად. „გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, ცხრა აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია“, – აღნიშნულია წერილში.