ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში კომპლექსური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება
ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში კომპლექსური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება

ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში კომპლექსური სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდება. პროექტი ტაძრის გადახურვის, მისი ცალკეული არქიტექტურული ელემენტების რესტავრაციასთან ერთად, ახლად მოწყობილი იატაკის ფენილის შეცვლასაც გულისხმობს. მთავარი ეკლესიის იატაკი დაიბრუნებს პირვანდელ სახეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალი პროექტის მომზადების საკითხი შეთანხმდა საპატრიარქოსა და რუის-ურბნისის ეპარქიასთან. მათივე ცნობით, ტაძრის მარმარილოს იატაკის ჭაობისფერი ქვები 2019 წელს სასულიერო პირების დაკვეთით და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად 2019 წელს დააგეს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, მიმდინარე წლის ბოლოს დადგინდება სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება, რომლის შემდეგ განისაზღვრება მისი დაფინანსების პერსპექტივაც. წინასწარი ინფორმაციით, ყინწვისის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ფონდ „ქართუს“ შესთავაზებს.

„ამ დღეებში დასრულდა სატენდერო პროცესი, რაც ითვალისწინებდა ყინწვისის მონასტრის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კომპლექსური სარეაბილიტაციო პროექტის მომზადების სამუშაოების შესყიდვა. კომპლექსური პროექტი კი ტაძრის გადახურვის, მისი ცალკეული არქიტექტურული ელემენტების რესტავრაციასთან ერთად ტაძრის ახლად მოწყობილი იატაკის ფენილის შეცვლასაც მოიცავს. ამ ტენდერს „იკორთა 2007“-ის სახით გამარჯვებულიც ჰყავს. ყინწვისის მწვანე მარმარილოს წელიწადნახევარში ვეღარ ვიხილავთ, ის ჩანაცვლდება. არის საუბარი ორი ფენის ქვეშ არსებული ავთენტური ფენილის შესწავლაზეც. შესაძლოა, ეს უკანასკნელი გახდეს ახალი იატაკის წყობისა და ზოგადი იერსახის საფუძველი“, – განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ.