პარიზში, კულტურული მემკვიდრეობის სამიტზე მუცოს რეაბილიტაციის პროექტი დააჯილდოეს [ვიდეო]

პარიზში, ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოებაზე, ციხე-სოფელ მუცოს „საზოგადოების რჩეულის“, მისი რეაბილიტაციის პროექტს კი ,,ევროპა ნოსტრას“ ჯილდო მიენიჭა.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს, რომელიც პირადად დაესწრო ღონისძიებას და ჯილდო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად მიიღო.

სამიტზე ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტი 27 გამარჯვებულს შორის დასახელდა, რომელიც კომპეტენტური ჟიურის მიერ 34 ქვეყნის 149 განაცხადიდან შეირჩა.

აღნიშნული პროექტი კონკურსზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს წარადგინა.

ღონისძიების თანამასპინძლები ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიდო დომინგო და ევროკომისარი განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში ტიბორ ნავრაჩიჩი იყვნენ. ცერემონიას 1000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოს დელეგაციის წევრებიც.

საქართველოს რესტავრაციის ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი და მასშტაბური ძეგლის, მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტს 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.