ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდების ეპიზოდზე მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

სახაზინო ადვოკატმა სასამართლოში დასკვნითი სიტყვას წარმოთქვა. ადვოკატი ირმა ინასარიძე საქმეში რამდენიმე კვირის წინ ჩაერთო, როდესაც სააკაშვილის ადვოკატებმა სხდომაზე აცილება მოითხოვეს.

ირმა ინასარიძემ განმარტა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და ექსპრეზიდენტის ბრალდების საქმეზე პროკურატურის მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებები არასანდოა.

„ესაა საქმე სასტიკი ანგარიშსწორების ეს არის მოჩვენებითი სამართლიანობა და ყველაზე დიდი უსამართლობა, რეალური ფაქტების დამახინჯება, რათა შედეგად მივიღოთ ყოფილი პრეზიდენტის მსჯავრდება. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა უკანონოდ გამოიყენეს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიკერძოებული ცრუ ჩვენებები. 2014 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით, ბრალდების მიხედვით ექსპრეზიდენტს ბრალად ედება, რომ მან სამსახურეობრივი უფლებამოსილება გადაამეტა. დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მოტივად მითითებულია 2005 წელს გაზეთ „რეზონანსში“ ვალერი გელაშვილის სტატია. ბრალდების მხარის მიკერძოებულობა სტატიის შინაარსით და მათეული ინტერპრეტაციითაც ჩანს. სტატიაში გელაშვილი არ ამბობდა, რომ ქონება ისე წაართვეს, რომ არ აუნაზღაურებდნენ“, – განაცხადა ინასარიძემ.

ვალერი გელაშვილს 2005 წელს სცემეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმა ყოფილი მაღალჩინოსნების ორგანიზებით მოხდა, რადგან ვალერი გელაშვილმა ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მისამართით კრიტიკულად ისაუბრა. ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია ვანო მერაბიშვილის მიმართ.