ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება
თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების იმ ეპიზოდზე მსჯელობს, რომელიც დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმას ეხება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეს, საქმის გამომძიებელ დავით ბაინდურაშვილს უსმენენ, რომელიც სასამართლოს იმ მტკიცებულებებსა და საგამოძიებო მოქმედებებზე აწვდის ინფორმაციას, რომელიც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს უდევს საფუძვლად.
სააკაშვილის ბრალდების ამ ეპიზოდზე პროკურატურის მოწმეთა დიდი ნაწილი უკვე დაკითხულია. მოწმეთა სიაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც, რომელიც სასამართლოს ჩვენებას სავარაუდოდ, მომდევნო სხდომებზე მისცემს.
მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა ძალადობითა და დაზარალებულის ღირსების შეურაცხყოფით უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი 2014 წელს წაუყენეს. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულია შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.