სპეცრაზმელის ჩვენება - ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ 500 დოლარი გადმოგვცეს
სპეცრაზმელის ჩვენება - ვალერი გელაშვილის ცემის შემდეგ 500 დოლარი გადმოგვცეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი გელაშვილზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებამ ერთ-ერთი სპეცრაზმელის, მამუკა ცინარიძის ჩვენება გამოაქვეყნა, სადაც ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ეპიზოდია აღწერილი.

„ვმსახურობდი სპეცრაზმში. ერთ დღეს ბაზაზე დაგვიბარეს, შემდეგ წაგვიყვანეს ორი „ოპელით“ მოდულის შენობაში. ალექსანდრე ნაჭყებია შევიდა მოდულში. გამოვიდა ორ საათში და გვითხრა, რომ ობიექტი იყო მამაკაცი, რომელიც ქალაქში დაცვით დადიოდა, მას ჰქონდა საბუთები და ის უნდა წაგვერთმია, მამაკაცი დადიოდა იარაღით. დავდიოდით ქალაქის ცენტრში საღამოს 18:00 საათამდე, იყო ე.წ. ატბოი და ვინაიდან მამაკაცი გადაადგილდებოდა ჯავშნიანი მანქანით, ღონისძიება გადაიდო. მეორე დღეს დაგვავალეს, რომ ღონისძიება გრძელდებოდა. ჩვენ ვიყავით სამოქალაქო ტანსაცმელში, ვმოძრაობდით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რაციაზე გადაგვცეს, რომ თავდაცვის სამინისტროსთან უნდა შემოგვეხვია, მერე კიდე გადმოგვცეს რადიოთი და მივუახლოვდით სამტრედიის ქუჩას. მერე რაციაზე გვითხრეს, რომ ვერცხლისფერი „ემ-ელ“-ით მიდიოდა ობიექტი, წინ იჯდა მძღოლი და დაცვა, შუქნიშანთან „ემ-ელი“ გაჩერდა, ერთი მანქანა წინ დაუდგა და მეორე უკან, გადმოვედით, გვეკეთა ნიღბები, მხრებზე ავტომატები და ხელში გლოკი გვეჭირა, გადმოვაგდეთ დაცვა და მძღოლი მანქანაში, მეორე ჯგუფმა გადმოათრია მძღოლი და ობიექტი. მერე გაირკვა, რომ ვალერი გელაშვილი იყო ეს, ის წინააღმდეგობას გვიწევდა და დაუწყეს მას ცემა. მას სცემდნენ გზაზე, ავტომობილების სავალ ნაწილზე, წავიღეთ მისი ჩანთა და ეს ჩანთა შეიტანეს მოდულის შენობაში“, – ნათქვამია სპეცრაზმელის ჩვენებაში.

როგორც სპეცრაზმელის ჩვენებაშია აღნიშნული, ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებს 500 დოლარი გადასცეს.

„მერე ჩვენ შევედით მოდულის შენობაში, ოთახში დაგვხვდა ერეკლე კოდუა და რამდენიმე პირი, მაგიდაზე იდო რამდენიმე შეკვრა აშშ დოლარი. მან მადლობა გადაგვიხადა და გადმოგვცა თემა, შეგვხვდა 500 $. ოპერაციის ჩატარებისას ვალერი გელაშვილს, მძღოლს და დაცვას მივაყენეთ ფიზიკური შეურაცხყოფა, არ გამოგვიყენებია იარაღი. ჩვენი დანაყოფი გადაადგილდებოდა ორი მსუბუქი ავტომობილით. ოპერაციას ალექსანდრე ნაჭყებია ხელმძღვანელობდა. რადგან ერეკლე კოდუა შეგხვდა და თანხა გადმოგვცა, ჩემი ვარაუდია, რომ ნაჭყებიას დავალებას ერეკლე კოდუა აძლევდა. ჩვენ გვეცვა სამოქალაქო ტანსაცმელი და ვერავინ მიხვდებოდა, რომ ჩვენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრი ვიყავით. მსგავსი სახის ოპერაცია ჩვენ არასდროს ჩაგვიტარებია. ჩანთის გარდა, სხვა ნივთები ადგილიდან არ წამოგვიღია. მე არ ვიცი, როგორ მოხდა დავალებაზე მყოფი ხალხის არჩევა. მობილურ ტელეფონებს არ ვიყენებდით, ვიყენებდით მხოლოდ რაციას. ჩემი ვარაუდით, ჩვენი მანქანის მძღოლი იყო შსს-ს თანამშრომელი, რადგან მანქანას მართავდა კარგად და იყო ოპერაციის მონაწილე“, – აღნიშნულია სპეცრაზმელის ჩვენებაში.

ბრალდების მხარის განცხადებით, აღნიშნული სპეცრაზმელი საზღვარგარეთ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სწორედ ამ მიზეზით წარმოადგინა ბრალდებამ სასამართლოზე სპეცრაზმელის მიერ გამოძიების პროცესში მიცემული ჩვენება.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ჩივიაშვილმა პროცესის 20 დღით გადადება მოითხოვა, რათა მან სააკაშვილთან პოზიციები შეაჯეროს.

სასამართლო პროცესი 17 აპრილს, 13:00 საათზე განახლდება.