მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ვალერი გელაშვილისთვის სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ
მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ვალერი გელაშვილისთვის სოლიდური თანხის გადახდა დაეკისრათ

ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ადვოკატ კახა კოჟორიძის ინფორმაციით, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ ადვოკატების სარჩელი თითქმის სრულად დააკმაყოფილა და მორალური და მატერიალური ზიანისთვის შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს, მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას 215 000 ლარის გადახდა დააკისრა.

ადვოკატის ცნობით, ვალერი გელაშვილი ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის 100 000 ლარს. მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძემ ეს მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა; მატერიალური ზიანის ნაწილში არ დაკმაყოფილდა გელაშვილის ცემის შემდეგ მისგან წაღებული იარაღის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა, თუმცა მატერიალური ზიანის ნაწილში სასამართლომ თანხა 115 000 ლარამდე განისაზღვრა, რომელშიც შედის შემთხვევის დროს გელაშვილისგან წაღებული ბეჭედი, რომელიც 85 000 ლარად შეფასდა, ასევე, ფულადი თანხა 10 000 დოლარი და ავტომანქანის დაზიანება.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის ფაქტი. სისხლის სამართლის წესით დადგა განაჩენები და კონკრეტული პირები პასუხისგებაში იქნენ მიცემული. ჩვენ შევიტანეთ სამოქალაქო სარჩელი ადმინისტრაციული ორგანოების – შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ, ასევე ფიზიკური პირების – მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ერეკლე კოდუას წინააღმდეგ. სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა. მათ დაეკისრათ სოლიდური თანხა ვალერი გელაშვილის სასარგებლოდ – 100 000 ლარის მორალური ზიანის, დაახლოებით 115 000 ლარის კი მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით. ვალერი გელაშვილისთვის თანხას არ ჰქონდა ისეთი მნიშვნელობა, როგორიც თავად ფაქტს, რადგან სამართლებრივი გზებით იმ პერიოდიდან მოყოლებული ცდილობდა, მიეღწია შესაბამისი შედეგისთვის. ეს საქმე არის პრეცედენტული, რადგან საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი მორალური ზიანის ანაზღაურების კუთხით, რაც ქართული სასამართლოსთვის პრაქტიკული კუთხით საკმაოდ იშვიათი მოვლენაა; მეორე მხრივ, საინტერესო და მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების სამოქალაქო პასუხისმგებლობაზეა საუბარი. გარდა ამისა, ვალერი გელაშვილისთვის ამას ჰქონდა პირველ რიგში მნიშვნელობა და არა იმ თანხას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებაში წერია“, – განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ.

რაც შეეხება თანხის გადახდას, ადვოკატის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაშია მისი გამოქვეყნების შემდეგ, თუმცა მოპასუხეებს აქვთ გასაჩივრების უფლება.

ვალერი გელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი უკვე გამოტანილია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი უფროსის გია სირაძის მიმართ.