ვახტანგ გომელაური - არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საფრთხე იყო, რომ ტერორიზმში ბრალდებულ პირებს მოსახლეობა მძევლად აეყვანათ.
ვახტანგ გომელაური სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.
“პირველ რიგში მინდა, დაღუპულის ოჯახს მივუსამძიმრო. ეს ადამიანი ჩვენი სამსახურის მებრძოლი იყო, რომელიც სამწუხაროდ, დაიღუპა და ასევე არიან დაჭრილები შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. ერთი ადამიანის დაღუპვა ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, ჩვენი თანამშრომლები მსუბუქად არიან დაჭრილები. კითხვები იყო იმის თაობაზე სპეცოპერაცია 18-19 საათი რატომ გაგრძელდა. ზუსტად იმიტომ, რომ გვინდოდა, მოქალაქეები, პოლიციელები და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულიყვნენ. ეს ყველაფერი გაკეთდა, რათა ნაკლები დანაკარგი ყოფილიყო. არსებობდა საფრთხე, რომ მოსახლეობა მძევლად აეყვანათ, სერიოზული ჯგუფი იყო“, – აღნიშნა გომელაურმა.
კითხვაზე – ტერორიზმში ბრალდებულ პირებს ჰყავდათ თუ არა მძევლები, გომელაური პასუხობს, რომ არ ჰყავდათ და დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.
„რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელი დაჯგუფების წევრები არიან, ამას არ დავაკონკრეტებ, გამოძიებას დაველოდოთ. ეს ადამიანები საქართველოში 18 საათიან ბრძოლას აწამოებდნენ ძალოვან უწყებებთან. ძალიან სპეციფიკური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა, ეს კორპუსში მოხდებოდა, თეატრში, ავტომანქანაში თუ სხვაგან, სამწუხაროდ, ჩვენ ამას არ ვმართავთ. დანაშაულებრივ ქმედებაზე გამოძიებამ უნდა იმუშაოს. პროკურატურა იტყვის, საქმეს რა კვალიფიკაციას მიანიჭებს“, – აღნიშნა გომელაურმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა დაფიქსირებული ზარი, თუ სოციალურ ქსელში გაკეთებული მუქარა, გამოძიებაზე მიბმული იქნება და სახელმწიფო ყველა საკითხს სერიოზულად მიუდგება.
“რა თქმა უნდა, ვფლობთ ინფორმაციას. ვაკვირდებით, ღია წყაროებშიც. ზარები ხორციელდება ამა თუ იმ მუქარით. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ სამოქალაქო პირზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მოკლული იყო, რაც არის არასწორი. ეს იყო იმ ჯგუფის მონაწილე, ვისთანაც 18 საათიანი ბრძოლა გვქონდა“, – განაცხადა გომელაურმა.