უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ
უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ

საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ირჩევენ.

პლენუმის სხდომა ამ წუთებში იმართება.

ვასილ როინიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

მისივე თქმით, არჩევის შემთხვევაში, შეეცდება, თავისი წვლილი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობაში.

„რაც შეეხება მოტივაციას, მოგეხსენებათ, როგორ ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს კვოტის შევსება – ხელისუფლების დანაწილების თეორიის გათვალისწინებით. კერძოდ, თითოეული შტოდან 3-3 კანდიდატი არის დასაკომპლექტებად წარმოდგენილი. ჩვენი კვოტა, სამი მოსამართლე, გაჩნდა ახლა ამის საშუალება, რომ წარედგინოს საკონსტიტუციო სასამართლოში და შესაბამისად ჩვენ ავირჩიოთ.

მე პირადად მიმაჩნია, რომ საერთო სასამართლოების ხედვა, ის მიდგომები, რომლებიც უნდა იყოს ზოგადად გათვალისწინებული, მათ შორის კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებისას, ძალიან მნიშვენელოვანია და წაადგება თვითონ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობას.

ვფიქრობ, რომ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ საკონსტიტუციო სასამართლოს ფუნქციონირებაში, ყოველ შემთხვევაში, შევეცდები. ყველა ხელისუფლების შტოს გააჩნია თავისი დაკომპლექტების წესი, მთავარია, კანდიდატურა, შერჩეული იქნეს ისეთი, რომელიც ასახავას დანიშნავის პოზიციას, ამ შემთხვევაში პლენუმის პოზიციას. საზოგადოება ხომ არ ირჩევს ამ შემთხვებაში? მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვისაც ჰქონდა სურვილი, გაეგო კანდიდატურის შესახებ, ეს ჰქონდა.

პლენუმის წევრებმა, რა თქმა უნდა, იციან ჩემ შესახებ, აქ ვმუშაობ 10 წელია, ამ ხალხს ვიცნობ 10 წელია. საზოგადოებამ განსაჯოს – საქმენმა ჩვენმა წარმოგვაჩინონ ჩვენ. რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ვიყავი კანდიდატი“,- განაცხადა ვასილ როინიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს სამოსამართლეო უფლებამოსილება ამოეწურა.

საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება. კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა სამ წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.