სახალხო დამცველის აპარატი - სპონტანური მანიფესტაციისას, აღმასრულებელი ორგანოს ხუთი დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია
სახალხო დამცველის აპარატი - სპონტანური მანიფესტაციისას, აღმასრულებელი ორგანოს ხუთი დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი და სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის დროს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ხუთი დღით ადრე გაფრთხილების ვალდებულება არაკონსტიტუციურად მიიჩნია. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს შეკრების/მანიფესტაციის ჩატარებამდე არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს გაფრთხილების ვალდებულებას, როდესაც ამ ვადაში გაფრთხილება, შეკრების/მანიფესტაციის სპონტანურობის გათვალისწინებით, შეუძლებელია.

„საგულისხმოა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა აღნიშნული გადაწყვეტილებით შეცვალა სასამართლოს პრეცედენტული სამართლით მანამდე დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილად არ მოიაზრებდა ხალხისა და ტრანსპორტის მოძრაობის ადგილას სპონტანური საპროტესტო მანიფესტაციის, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეუფერხებლად ჩატარების უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებით, საქართველოს ისტორიული გამოცდილება ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება ქართული საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ათწლეულების მანძილზე სწორედ საჯარო შეკრება წარმოადგენდა სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების, პროტესტის გამოხატვის, იდეების, ღირებულებების გარშემო გაერთიანებისა თუ ბრძოლის ეფექტიან და ძალზე ხშირად გამოყენებულ საშუალებას.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული შეკრების თავისუფლება იცავს, როგორც წინასწარ ორგანიზებული, ასევე, სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვის შესაძლებლობას, ვინაიდან ცალკეულ შემთხვევაში შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანობა სწორედ მყისიერებას, დროში დაყოვნების თავიდან აცილებასა და საზოგადოებრივი რეაქციის დაუყოვნებლივ გამოხატვას მოითხოვს, შესაბამისად, სპონტანური შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარების უფლება, მათ შორის, ტრანსპორტის სავალ ადგილას ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით, ექცევა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცულ სფეროში“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.