საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სტუმრობდა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სტუმრობდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაცია სტუმრობდა, სასამართლოს თავმჯდომარის, არმან დილანიანის, მოსამართლეებისა და აპარატის თანამშრომელთა შემადგენლობით, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

„დელეგაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა. განხილვის თემას წარმოადგენდა ორი ქვეყნის საკონსტიტუციო კონტროლის სისტემური ფუნქციონირების საკითხები, ასევე, სამართალწარმოების განხორციელების პრაქტიკული ასპექტები, მათ შორის, კონსტიტუციური წარდგინების პროცედურა და ინსტიტუციური დიალოგის არსებობა საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებს შორის, ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოების უახლესი პრეცედენტული პრაქტიკის მიმოხილვა.

ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გამართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ, რა დროსაც მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს დელეგაციის წევრებს ვიზიტისთვის. შეხვედრის დასასრულს მხარეები ორმხრივი დიალოგის განმტკიცებისა და სამომავლო სამუშაო შეხვედრების გამართვის თაობაზე შეთანხმდნენ“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.