„უოლ სთრით ჯორნალი“ - ემანუელ მაკრონი ცდილობს, ძლიერად უბიძგოს ევროპას პუტინთან უფრო მკაცრი მიდგომებისკენ
„უოლ სთრით ჯორნალი“ - ემანუელ მაკრონი ცდილობს, ძლიერად უბიძგოს ევროპას პუტინთან უფრო მკაცრი მიდგომებისკენ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცდილობს, ძლიერად უბიძგოს ევროპას პუტინთან უფრო მკაცრი მიდგომებისკენ, – ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს სტატიას.

სტატიის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი ოდესღაც რუსეთთან დიალოგის მომხრე იყო, მაგრამ ახლა სურს, ნატო-ს ქვეყნებმა განიხილონ ყველა ვარიანტი უკრაინაში, რაც ალიანსის შეშფოთებას იწვევს.

ამერიკული გამოცემის მიხედვით, თებერვალში ემანუელ მაკრონმა გამართა კონფიდენციალური საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, რათა საფუძველი ჩაეყარა პარიზის სამიტისთვის, რომელიც, როგორც მაკრონი იმედოვნებდა, რომ შეარყევდა დასავლეთის სტრატეგიას უკრაინაში ომის მიმართ.

„უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა წარმოადგენდა რადიკალურ გადახვევას იმ პოზიციიდან, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაიკავა ომის დაწყების შემდეგ, რათა თავიდან აიცილოს ქმედებები, რომლებმაც შესაძლოა, გამოიწვიოს მოსკოვის პროვოცირება და კონფლიქტის ესკალაცია. სტატიის მიხედვით, „მაკრონს, პირიქით, სურდა, შეეწყვიტა დასავლეთის ეგრეთ წოდებული წითელი ხაზების რეკლამირება და კრემლი საგონებელში ჩაეგდო“.

სტატიის თანახმად, ბაიდენმა და შოლცმა მხარი არ დაუჭირეს მაკრონს და პარიზის სამიტის ბოლოს მაკრონმა გააოცა მოკავშირეები უკრაინაში ნატო-ს ჯარების განლაგების ალბათობის შესახებ განცხადებით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მაკრონისთვის უკრაინის ომი გახდა გამოცდა ევროპის უნარის გადარჩენისთვის მსოფლიოში, სადაც აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები აღარ არის „ჰერმეტული“.

„საფრანგეთის ლიდერი დიდი ხანია, შეშფოთებულია, რომ ევროპის ქვეყნები რისკავენ, ისეთი ზესახელმწიფოების უბრალო ვასალები გახდნენ, როგორებიცაა აშშ და ჩინეთი, თუ კონტინენტი არ გაზრდის სამხედრო შესაძლებლობებს. ახლა კი მაკრონი საუბრობს იმაზე, რაც ბევრ ევროპელ ოფიციალურ პირს პირადად აწუხებს: ათწლეულების მანძილზე ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების კავშირები დაშლის საფრთხის წინაშეა. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაცია შეშფოთებულია, რომ რუსეთს შეუძლია თავდასხმა ფრანგულ ჯარებზე, რომლებიც შეიძლება გაიგზავნოს უკრაინაში, ამან შესაძლოა, გამოიწვიოს საფრანგეთის, ასევე დასავლეთის სხვა ქვეყნების კონფლიქტში ჩათრევა. თუმცა, მაკრონმა მოკავშირეებს უთხრა, რომ არ იქნება საჭირო ნატო-ს ან აშშ-ის ჩართვა“, – აღნიშნულია სტატიაში.