უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - მტერი კვლავ იღებს დანაკარგებს და აქვს პრობლემები დანაყოფების ცოცხალი ძალით შევსებასთან დაკავშირებით
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - მტერი კვლავ იღებს დანაკარგებს და აქვს პრობლემები დანაყოფების ცოცხალი ძალით შევსებასთან დაკავშირებით

მტერი კვლავ იღებს დანაკარგებს და აქვს რიგი პრობლემები დანაყოფების ცოცხალი ძალით შევსებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია ნათქვამი.

„რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის 23-ე დღე დაიწყო. თავდაცვის ძალების მოქმედების მდგომარეობა, პოზიცია და ხასიათი ბოლო დღის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. უკრაინის შეიარაღებული ძალები დამანგრეველ დარტყმებს აყენებენ მტრის ჯარების დაჯგუფებებს, რომლებიც, თავის მხრივ, ცდილობენ, გააერთიანონ და შეინარჩუნონ თავიანთი დაკავებული თავდაცვითი ხაზები“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა ნაწილობრივ გაანადგურეს და შეაჩერეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 437-ე სასწავლო პოლკისა და 26-ე სატანკო პოლკის შენაერთების წინსვლა. მათი ცნობით, ამავდროულად მტრის დანაკარგები ზუსტდება.

„გასული დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალების საჰაერო ძალების ბომბდამშენმა და მოიერიშე თვითმფრინავებმა მძიმე დარტყმები მიაყენეს მტრის სამხედრო ტექნიკის კოლონებს. საზენიტო-სარაკეტო ძალებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა მტრის 14 ერთეულ საჰაერო სამიზნეს დაარტყეს (7 ერთეულ თვითმფრინავს, ერთ ერთეულ ვერტმფრენს, სამ ერთეულ უპილოტო საფრენ აპარატს და სამ ერთეულ ფრთოსან რაკეტას)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, იმის გამო, რომ ოკუპანტებმა მნიშვნელოვნად ამოწურეს ადამიანური რესურსები, რუსეთის ფედერაცია იძულებულია, საკადრო საკითხებში უკიდურეს ზომებს მიმართოს.

„ისინი აწარმოებენ ფარულ მობილიზაციას, იწვევენ ე.წ. მოხალისეებს, წვევამდელებსა და იუნკერებს, ასევე, დაქირავებულებს სირიის არაბთა რესპუბლიკიდან. დროებით ოკუპირებულ ზოგიერთ ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების დარიგების გზით დადებითი იმიჯის შექმნას ცდილობენ. პარალელურად, ისინი აქტიურად ეძებენ და აკავებენ პროუკრაინელ აქტივისტებს, საჯარო მოხელეებს, ანტიტერორისტული ოპერაციის წევრებს.

მტერი კვლავ იღებს დანაკარგებს და აქვს რიგი პრობლემები დანაყოფების ცოცხალი ძალით შევსებასთან დაკავშირებით. მათი პერსონალის დაბალი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა იწვევს დეზერტირობის რიცხვის ზრდას და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და დაქირავებული ჯარისკაცების უარს უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე.

გარდა ამისა, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე, 18 მარტამდე პერიოდში, ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა 14 200-მდე სამხედრო შეადგინა. ასევე განადგურებულია 450 ერთეული ტანკი, 1 448 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 205 ერთეული საარტილერიო სისტემა, 72 ერთეული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 43 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 93 ერთეული თვითმფრინავი, 112 ერთეული ვერტმფრენი, 879 ერთეული საავტომობილო ტექნიკა, სამი ერთეული ხომალდი/კატარღა, 60 ერთეული საწვავის ავზი, 12 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი, 11 ერთეული სპეციალური ტექნიკა.

მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება. ზუსტ გამოთვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.