უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები - რუსეთში დაკავებულ სამხედროებზე ზეწოლა ხორციელდება
უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალები - რუსეთში დაკავებულ სამხედროებზე ზეწოლა ხორციელდება

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურები აცხადებენ, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებზე ზეწოლას ახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, უკრაინული ხომალდების ეკიპაჟის წევრები სხვადასხვა ადგილას ჰყავთ. დაჭრილები ქერჩის საავადმყოფოში რჩებიან.

უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალების მეთაურის, იგორ ვორონიჩენკოს თქმით, დაკავებული სამხედროებიდან ორი წარმოშობით ყირიმიდანაა და მათი მშობლები რუსეთის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულზე რჩებიან. კიევში არ გამორიცხავენ, რომ ამის გამო, სამხედროებზე ზეწოლა ხორციელდება.

მანამდე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც უკრაინელი სამხედროების დაკითხვაა ასახული. ისინი აცხადებენ, რომ რუსი მესაზღვრეების მოთხოვნაზე მიზანმიმართულად არ შეჩერდნენ.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს, დილით რუსეთის მესაზღვრეებმა ქერჩის სრუტეში მოძრავ სამ უკრაინულ გემს ცეცხლი გაუხსნეს. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ გემებმა რუსეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. კიევი კი, რუსეთს აგრესიაში სდებს ბრალს. უკრაინელი სამხედროები, რომლებიც დაკავებულ გემზე იმყოფებოდნენ ამჟამად რუსეთის „ეფესებეს” ჰყავს დაკავებული. უკრაინული მედიის ცნობით, მათი ნაწილი სასამართლოში გადაიყვანეს.