ნატო მოუწოდებს რუსეთს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს
ნატო მოუწოდებს რუსეთს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს

ნატო მოუწოდებს რუსეთს, შავ ზღვასა და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლება უზრუნველყოს. ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში, რომელიც ნატო-ს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ შავ ზღვაში და ქერჩის სრუტეში ნავიგაციის შეზღუდვა გაუმართლებელი ნაბიჯი იქნება, რაც რუსეთის დესტაბილიზაციური ქცევის ნაწილს წარმოადგენს.

„მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს თავისუფალი წვდომა აზოვის ზღვაში უკრაინის პორტებთან და თავისუფალი ნავიგაცია. რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ რუსეთმა არსებითად გაზარდა სამხედრო წარმომადგენლობა ნახევარკუნძულზე და მის გარეშემო. რუსეთის მიერ ყირიმის, შავი და აზოვის ზღვის მილიტარიზაციის გაგრძელება არის უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მუქარის გაგრძელება და ძირს უთხრის რეგიონის სტაბილურობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები და პატივისცემით მოეკიდოს საერთაშორისო ვალდებულებებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შავ ზღვაში შეზღუდვები 24 აპრილიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში რუსეთის ტერიტორიული წყლებთან ახლოს უცხო ქვეყნების ხომალდების გავლა აკრძალული იქნება.