უკრაინის პროკურატურამ სასამართლოსთვის გადასაცემად სააკაშვილზე მასალების მომზადება დაიწყო
უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საჭირო მასალებს სასამართლოს გადასცემს, რომელიც სამომავლოდ, პრევენციული ზომების მისაღებად, სხდომის ჩატარების დროსა და თარიღს განსაზღვრავს, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის დაკავების შემდეგ, პროკურატურამ მასალების მომზადება დაიწყო.
„ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობას ითხოვს, ელექტრონული სამაჯურის კეთების თანხლებით“, – განაცხადა ლისენკომ.
მიხეილ სააკაშვილი გვიან ღამით უკრაინაში დააკავეს. ამ დროისთვის, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. როგორც ადვოკატმა განაცხადა, სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო.
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს აღკვეთის ღონისძიება დაკავებიდან 72 საათში უნდა შეეფარდოს. უკრაინის პროკურატურა მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობას მოითხოვს.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში დააკავეს.