მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკრაინის სასამართლო დღეს იმსჯელებს
მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკრაინის სასამართლო დღეს იმსჯელებს

მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ უკრაინის სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს.

ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი კიევის პეჩორსკის რაიონულ სასამართლოში გაიმართება, რადგან საქმეს გენერალური პროკურატურა აწარმოებს. სასამართლო პროცესის ზუსტი დრო ჯერ უცნობია.

უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივნის, ლარისა სარგანის ინფორმაციით, პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობასა და ელექტრონული სამაჯურის ტარებას მოითხოვს.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის დაკავებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეპუტატების თავდებობით გაათავისუფლონ.

„სასამართლოს ჩანიშვნის შემდეგ ის ან გათავისუფლდება, ან დეპუტატების თავდებობით გამოუშვებენ, ან გირაოთი, ან დატოვებენ პატიმრობაში. ჩვენ მედიით გვესმის, რომ პროკურატურა შინაპატიმრობაზე საუბრობს, მაგრამ არც ერთი პროცესუალური დოკუმენტი არ გვინახავს, ამიტომ მათ ვერ ვენდობით. შესაბამისად, ვემზადებით ყველა შესაძლო სცენარისთვის და გავაპროტესტებთ ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ვინაიდან საქმე მთლიანად ფაბრიკაციაა. არანაირი კანონდარღვევა მიხეილ სააკაშვილს არ აქვს. ამიტომ, ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას სასამართლო დარბაზიდან ყოველგვარი ვალდებულებების, გირაოსა და შინაპატიმრობის გარეშე. ეს არის როგორც სააკაშვილის, ისე მისი დაცვის მყარი პოზიცია“, – აღნიშნა სააკაშვილის უფლებადამცველმა.

ადვოკატის განმარტებით, დაცვის მხარეს აქვს მტკიცებულებები, რაც მისივე თქმით, ადასტურებს იმას, რომ სამართალდამცველებმა სააკაშვილის დაკავებისას და ჩხრეკისას კანონი დაარღვიეს.

სასამართლო პროცესის პარალელურად, სააკაშვილის მხარდამჭერები აქციის გამართვას გეგმავენ. „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით საყვარელიძემ გუშინ გამართულ აქციაზე მხარდამჭერებს მოუწოდა, სასამართლო პროცესზე მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ.

მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი 8 დეკემბერს დააკავეს. მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში მოხდა.

სააკაშვილი ეჭვმიტანილია იმ დანაშაულების ჩადენაში, რომლითაც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 15-ე მუხლში (თავდასხმა, დანაშაულის მცდელობა), 28-ე მეორე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულის ჩადენა პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი განზრახვით) და 256-ე მუხლის მეორე ნაწილში (დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დამალვა).