მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან დასრულდა
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან დასრულდა

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან დასრულდა.

უკრაინული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.

აქტივისტებმა გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს „იუდა“ უწოდეს და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.

„ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა ხვალ, 11 დეკემბერს სასამართლო პროცესზე მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ.

პარტიის წარმომადგენლების მტკიცებით, სასამართლო პროცესი კრეშატიკის ქუჩაზე, პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში გაიმართება, სხდომის ჩატარების დრო ჯერ უცნობია.

„რადიკალური, კონკრეტული ქმედებების უფლებას ვიტოვებთ, თუკი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ  ხალხის მოთხოვნას ვერ გაიგებენ“,- განაცხადა საყვარელიძემ.

ფოტო: ირაკლი გედენიძე