სააკაშვილის ქართველი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა
სააკაშვილის ქართველი ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშილის ქართველ ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ დაკავებისას და ბრალის წარდგენისას, უკრაინულმა მხარემ პროცესუალური ნორმები დაარღვია და არც საერთაშორისო ნორმები გაითვალისწინა. ექსპრეზიდენტის ქართველი ადვოკატის ცნობით, დაცვის მხარეს გადაეცა ბრალის დადგენილება, თუმცა იქ არ წერია, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა სააკაშვილის დანაშაულებრივი ქმედებები და თუ რის საფუძველზე მოხდა ბრალის წარდგენა. რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირებას, ბექა ბასილიას თქმით, ამ ეტაპზე ეს დღის წესრიგში არ დგას, თუმცა გამორიცხული არ არის საქართველოში ჩამოყვანა მოხდეს.
“ბრალის დადგენილებაში არაფერი წერია, რას ედავებიან სააკაშვილს. წერია ზოგადად მუხლი, თუმცა რა ქმედება განახორციელა, ეს არ წერია. დაკავება იყო უკანონო რადგან, თავდაპირველად დაკავებისას არავითარი დოკუმენტები და შესაბამისი ოქმები სამართალდამცველებს არ წარუდგენიათ, ამის შემდეგ კი პროცესი სასამართლოს ყოველგვარი კონტროლის გარეშე მიმდინარეობდა. ეს ყველაფერი ემსახურება სააკაშვილის პოლიტიკური სცენიდან ჩამოშორებას”, – აცხადებს სააკაშვილის ქართველი ადვოკატი ბექა ბასილაია.